ნაზი პაიკიძე, რუსუდან გოლეთიანი, ზვიად იზორია – დრო იყო, ამ სახელებს ქართული ჭადრაკის მომავალი ელიტის წევრებად მოიაზრებდნენ, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ქართველივით ისინიც საზღვარგარეთ წაიყვანა ცხოვრებასა და კარიერაში მეტის მიღწევის სურვილმა. ახლა სამივე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და ჭადრაკსაც პროფესიონალურად ოკეანისგაღმა თამაშობს.

2005 წელს რუსუდან გოლეთიანი გახდა აშშ-ს ჩემპიონი ქალებში, 2013 და 2018 წლებში კი ნაზი პაიკიძის ჯერი დადგა.

ამერიკის ქალთა წლევანდელ პირველობაზე 12 მოჭადრაკე გამოვიდა. 11 ტურის შემდეგ ცხრილის თავში 8-8 ქულით ნაზისთან ერთად ანი ვონიც მოექცა და ბრძოლა ტაი-ბრეიკში გაგრძელდა. პირველი პარტია ანიმ მოიგო, თუმც მეორეში ნაზი იყო უკეთესი და დამატებით, გადამწყვეტი “არმაგედონის” პარტია დაინიშნა. პაიკიძეს თეთრები ერგო და აუცილებლად მოგება მართებდა, რაც 33-ე სვლაზე შეძლო და ამერიკული ჭადრაკის დედოფლის გვირგვინიც მეორედ მოირგო.

ვაჟთა შორის კი ზვიად იზორიამ ამბავი დაატრიალა – მტრისას. საბოლოო შედეგს არ ვგულისხმობთ: 12 კაციან ჩემპიონატში იზორიამ 5 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილზე გავიდა და 3,5 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ სამუელ შენკლენდს. მთავარი ისაა, რომ იზორიამ არამხოლოდ აშშ-ს, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც გამორჩეულ “სენტ-ლუისის ტრიოს” გამოუყვანა წირვა (ტურნირიც აღნიშნულ ქალაქში გაიმართა). 50 ათასი დოლარი, რომელიც აშშ-ს პირველობის გამარჯვებულს ერგებოდა, საკმარისი მოტივაცია უნდა ყოფილიყო ჰიკარუ ნაკამურას, უესლი სოსა და თუნდაც მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტ ფაბიანო კარუანასთვის. იზორიამ, რეიტინგში 200-ქულიანი სხვაობის მიუხედავად, მეოთხე ტურში შავებით კარუანას ადინა ბდღვირი, ხოლო მეშვიდეში – ნაკამურას. მხოლოდ სოსთან დასჯერდა იგი ყაიმს. ეს გახლავთ ამერიკელი ქართველისთვის და მისი ქართველი ქომაგებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამბავი, თვით ჩემპიონატის მოგებაზე მეტადაც კი…

წილი
წინა სტატიარა თქმა უნდა, რეალი!
შემდეგი სტატიასადილი ხმაურიან მეზობელთან
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.