– ბილ, ნახე, როგორ გვამკობენ? ევროელიტის კონკიაო.
– მაგათთვის უარესი ბობ. მაგათ რა იციან ნამდვილი ფეხბურთის მუღამი. აი, ია იყო ბურთაობა, ჩვენ რომ გვიყვარდა…
– მარტო მე და შენ რამდენჯერ გავაჩემპიონეთ „ლივერპული“?
– თერთმეტჯერ და ჩვენს გარდა ხომ შვიდი სხვა საჩემპიონო ტიტულიც იყო.
– ჩემპიონთა ლიგით გვაოცებენ. ეტყობა, საკლუბო მუზეუმში არ შეუვლიათ. 5 ჩემპიონთა თასი, 3 უეფას თასი და სამიც უეფას სუპერთასი.
– ჩვენზე მეტი ვის აქვს?
– მხოლოდ „რეალს“, „მილანს“ და „ბარსას“.
– სად არიან იუვეები, მანჩესტერები და ბაიერნები?
– ეგ ადრე იყოო…
– ჯერ ერთი, არც ისე ადრე და მეორეც, საჭირო დროს სხვა მენტალიტეტი ირთვება – გამარჯვებულის მენტალიტეტი.
– გამოგვივა?
– უთუოდ. ვენდობი ამ გერმანელს. ჩვენ დროს სად იყო ამდენი ლეგიონერი, ახლა იბევრა და რას ერჩი- დააყენა ნაღდი „ლივერპული“.
– „რომას“ გავივლით?
– რა თქმა უნდა და, მერე „რეალიც“ ჩვენი „ბულკია“..
– ნუ ჩქარობ, თორემ ხომ გახსოვს, 70-იანებში რა დღეში ჩაგვაგდეს კავკასიაში?
– თბილისის „დინამო“?
– ჰო, ორი წელი დაბოღმილი დავდიოდი, სანამ უარესი „ვესტ ჰემს“ არ დამართეს. ცოტა გული მოვიფხანე.
– ეეე, შენც ამბობ, რა?! იმ „დინამოსთან“ ეს „რომა“ და „რეალი“ რას მოვლენ – მართლა „ბულკებია“.
– ანუ, მეექვსე ჩემპიონთა თასი?
– უეჭველი!
– ლუდი ჩემზეა!
P.S. „ლივერპულის“ 1970-80-იანი წლების უდიდესი მწვრთნელების – ბილ შენკლისა და ბობ პეისლის საუბარს სიზმარში მიაყურადა და სიტყვასიტყვით ჩაიწერა გიორგი ნოზაძემ…
სხვა მხრივ კი…
ვითომ გამოუვა „რომას“ კიდევ ერთი სასწაული? „მგლებმა“ ამ სეზონში 3:0 უკვე აწვნიეს „ჩელსის“ და „ბარსელონას“, მაგრამ გამართლებასაც ხომ აქვს საზღვარი. რომაელებს სწამთ და „ოლიმპიკოს“ გამოსასვლელში წარწერა წინასწარ გააკეთეს: “ძნელი იქნება, მაგრამ ღირს!“
„ლივერპულის“ საფიქრალი მხოლოდ ოქსლეიდ-ჩემბერლენია, ვისაც ტრავმა არამხოლოდ ლიგის, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებად დაუჯდა. ლივერპულის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ხუმრობა სცადა, თუ ლიმონი შეგაჩეჩეს, ლიმონათი უნდა გააკეთო, ჩვენ კი ისე დაველოდებით ჩემბერლენს, როგორც მოსიყვარულე ცოლი პატიმარ ქმარსო.
სავარაუდო შემადგენლობები
რომა: ალისონი, მანოლასი, კოლაროვი, ჟეზუსი, ფასიო, ფლორენცი, დე როსი, სტროოტმანი, შიკი, ნაინგოლანი,ჯეკო.
ლივერპული: კარიუსი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, არნოლდი, სალაჰი, მილნერი, ვეინდაუმი, ჰენდერსონი, მანე, ფირმინო.
არბიტრი: დამირ სკომინა