
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” დიდ ფეხბურთელს კარგავს, მაგრამ დიდ ადამიანთან განაგრძობს ურთიერთობას — ეს სიტყვები პორტუგალიელმა მაიკლ ქერიკს უძღვნა. „იუნაიტედის” ყოველწლიურ საკლუბო დაჯილდოების ცერემონიალზე 36 წლის ქერიკი დიდი ფეხბურთიდან გააცილეს, თუმცა ის მოურინიუს სურვილითა და ნებართვით მწვრთნელის დამხმარეთა და თანაშემწეთა გუნდში იწყებს მუშაობას.
„18 წლიანმა სამწვრთნელო კარიერამ მაჩვენა, რომ ჩემთვის ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი ყოველთვის დიდი მოთამაშის წასვლა იყო. ჩვეულებრივ, ეს დიდ სევდას მგვრის, მაგრამ, წლეულს ვცდილობთ სევდას თავი ავარიდოთ. მართალია დიდი ფეხბურთელი გვტოვებს, მაგრამ დიდი ადამიანი რჩება”, — თქვა „განსაკუთრებულმა” თავის ემოციურ სიტყვაში.
მაიკლ ქერიკმა „მანჩესტერ იუნაიტედში” 12 სეზონი გაატარა. წლეულს, თავის ბოლო სეზონში, მას ჯერ კიდევ შეუძლია ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიპოვოს და შესაბამისად კიდევ ერთი ჯილდო შეჰმატოს პრემიერლიგის ჩემპიონის ხუთ და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ერთ მედალს.
რაც შეეხება საღამოს მთავარ მოვლენას: „მანჩესტერ იუნაიტედის” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს მეკარე დავიდ დე ხეას, თუმცა ეს ამ კლუბში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა — ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ ჯილდო სწორედ ესპანელმა მიიღო.
