ეს ამბავი ბოლო ტურში იმ შეხვედრის მერე მოხდა „ვესტ ჰემმა” „მანჩესტერ სიტისთან” 1:4 რომ წააგო: ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ოდესღაც იმედისმომცემი ახალგაზრდა, დღეს უკვე 29 წლის ენდი ქეროლი მწვრთნელზე დევიდ მოიესზე გაბრაზდა, რატომ არ მათამაშეო.
ხსენებულ შეხვედრაში მოიესმა ერთბაშად სამი ფეხბურთელი შეცვალა, ქეროლი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. განაწყენებული ფორვარდი გასახდელში გაიქცა და როდესაც ჰკითხეს, რატომ გაიქეციო, ტუალეტში მომინდაო, იცრუა. არადა, კადრში კარგად ჩანს, რომ ქეროლი სამმაგი ცვლილების დასრულებისთანავე განაწყენებული წამოხტა ადგილიდან.
როგორც ირკვევა, მოგვიანებით ქეროლი მოიესს საყვედურებით მივარდნია, მოიესი კი კერკეტი კაკალი გამოდგა, ღრიალს ღრიალი მოჰყვა და ამბავი საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელი სახლში გააგდო; ახლა თურმე ორი კვირის ხელფასით, 200 ათასი გირვანქითაც უპირებს დაჯარიმებას.
ინგლისურ პრესაში წერია, დაბეჯითებით დავადგინეთ, ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთმანეთს ხელით არ შეხებიანო.
ჟურნალისტებთან მოიესმა თქვა, ქეროლს მოვუვლი ეგ პრობლემა არ არისო და მას თავკერძა კაცი უწოდა, რომელიც გუნდური სულისკვეთებით არ გამოირჩევა.
შეგახსენებთ, რომ ენდი ქეროლი ოთხი თვე კოჭს მკურნალობდა და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა.
„ვესტ ჰემმა” ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა.