უხერხულობა საზეიმო მაისურებმა გამოიწვია — მას მერე, რაც ბოლო ტურში სტუმრად „დეპორტივო ლა კორუნია” დაამარცხა (4:2) და ლა ლიგაში მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა, „ბარსელონამ” გულიანი ზეიმი მოაწყო და ოცდამეხუთე ჩემპიონობისადმი მიძღვნილი საგანგებო მაისურებიც გამოუშვა. მაისურებს ზურგზე ჩემპიონთა გვარები აწერია — სულ 23 ფეხბურთელი და მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე. მაგრამ, როგორც გაირკვა კატალონიელებს რამდენიმე მოთამაშე გამორჩენიათ. წყენაც ამას მოჰყვა.

დავიწყებულთაგან ერთ-ერთი გახლავთ ჟერარდ დეულოფეუ, 24 წლის თავდამსხმელი, რომელიც „ბლაუგრანამ” ზამთარში დროებით, იჯარის წესით დაუთმო ინგლისურ „უოტფორდს”. სხვა სიტყვებით, დეულოფეუ საჩემპიონო სეზონის პირველ ნახევარში ბარსელონელი იყო და ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა — 10 თამაშში ერთი გოლი გაიტანა. ნაწყენმა ფეხბურთელმა „ტვიტერზე” დაწერა:
„ესპანეთის ჩემპიონებო! მე არ ვარ თქვენი წევრი?”
კიდევ ორი მოთამაშე, ვინც მაისურის ზურგზე ვერ მოხვდა ხავიერ მასკერანო და არდა თურანია. „კამპ ნოუ” მათაც იანვარში დატოვეს.
უცნაურია, რომ მაისურზე დატანილია რაფინიას გვარი, რომელიც ასევე ზამთარში, იასევე იჯარის წესით გადავიდა „ინტერში” და დეულოფეუსგან განსხვავებით ერთ შეხვედრაშიც კი არ მიუღია მონაწილეობა.