„სანმა” რომ არ გამოქექოს, ისეთი არაფერია ამქვეყნად — „არსენალის” მომავალ მწვრთნელად რუი ფარიას კანდიდატურას განიხილავენო. რუი ფარია „მანჩესტერ იუნაიტედში” ჟოზე მოურინიუს ასისტენტია.

ამრიგად, „მეთოფეებს” უკვე 14 კაციანი სია აქვთ ჩამოწერილი. ზაფხულზე, როდესაც არსენ ვენგერი ლონდონის გუნდს დატოვებს, კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს ამ თოთხმეტიდან აარჩევს.

ვინმეს მოურინიუს მარჯვენა ხელზე ლაპარაკი შეიძლება არასეროზულად ეჩვენოს, მაგრამ არის ხალხი ვინც ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია თუ რა სკრუპულოზურად მუშაობს „არსენალის” დირექტორატი — ყველა ვარიანტს განიხილავს.

ფარია 42 წლისაა. ის მოურინიუსთან 2001 წლიდან მუშაობს. თავიდან ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იყო, შემდეგ ასისტენტი გახდა. ამ ბოლო დროს ამბობენ, რომ პორტუგალიელს დამოუკიდებელი კარიერის წამოწყება უნდა და „მეთოფეებმა” მისი იდეა აიტაცესო. „არსენალი” ფარიას დაკავშირებია და მხარეები უკვე მთელ რიგ საკითხებს განიხილავენო.

ცნობისთვის: „არსენალის” მეპატრონე სტენ კრონკი აშშ-ში სპორტის სხვადასხვა სახეობის სამი კლუბის მფლობელიცაა და სამივეგან გამოუცდელი მწვრთნელი დანიშნა.

და მაინც, „სანი” წერს, რომ თოთხმეტკაციან სიაში ფავორიტი „იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრია.

სერიოზულად ლაპარაკობდნენ „ბარსელონას” ყოფილ მწვრთნელ ლუის ენრიკეზე, მაგრამ მან ისეთი ხელფასი და სატრანსფერო ბიუჯეტი მოითხოვა, რომ ფავორიტობიდან ჩამოაქვეითეს.