სეზონის მატჩი… ან ჩემპიონთა, ლიგის ნაადრევი ფინალი… არა, სჯობს მარტივად – დიდი მატჩი… დღეს, მადრიდის „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ ევროპის უდიდესი გუნდები კიევური ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. „რეალი“-„ბაიერნს“ მიიღებს და იმ უპერატესობის შენარჩუნებას ეცდება, რაც გუნდმა მიუნხენში მიიღო. გერმანიაში დაწინაურებულ მასპინძლებს ესპანელებმა მერე ორი გოლი გაუტანეს და იმარჯვეს კიდეც…

გავიხსენოთ: შარშანდელ გაზაფხულზეც ასეთი ვითარება იყო, ოღონდ მეოთხედფინალი. რეალმა პირველი შეხვედრა სტუმრად 2:1 მოიგო, მადრიდში კი სტუმრებმა ასეთივე ანგარიშით იმარჯვეს. იმ შეხვედრაში მსაჯმა ერთ-ორჯერ მასპინძელთა სასარგებლოდ შესცოდა და საბოლოოდ ფინალში „რეალი“ ვნახეთ, უდიდესი გუნდი რომელმაც პირველმა შეძლო ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება.

მსაჯმა შესცოდაო, მხოლოდ ჩვენი სიტყვები არ გახლავთ, აგერ, მაგალითად, გერმანელთა შემტევი თომას მიულერი ამბობს: „შარშანდელ მეოთხედფინალში „რეალმა“ ორი გოლი თამაშგარედან გაგვიტანა, კიდევ არტურო ვიდალი არც თუ სამართლიანად გააძევა. თავის შეკავება მართებდა. ამას წინათ იუვენტუსის კარში საეჭვო პენალტი დაინიშნა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დაძაბულმა ატმოსფერომ მსაჯის გადაწყვეტილებაზე არ უნდა იმოქმედოს. რაც შეეხება, მოახლოებულ მატჩს, „რეალთან“ პირველი შეხვედრისას დაშვებული შეცდომები წვრილად გავაანალიზეთ და ახლა უკვე კარგად ვიცით მადრიდში როგორ უნდა ვითამაშოთ,“ – თქვა გერმანული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა.

სულ, „რეალი“ და „ბაიერნი“ ევროპის საკლუბო ტურნირებში 25-ჯერ გადაჰყრიან ერთმანეთს. ამათგან, 12 მატჩი მადრიდელებმა მოიგეს, 11 მიუნხენელებმა, ორჯერ კი მეტოქეები ფრეს დასჯერდნენ. რეალს 39 გოლი აქვს გატანილი, ბაიერნს – 37.

ერთი კვირის წინ „რეალს“ მიუნხენში საგოლე მომენტების მინიმალური რაოდენობა შეექმნა, თუმც ორჯერ მაინც იხეირა. როგორც დიდ გუნდს შეეფერება, მეტოქეს წამიერი უყურადღებობა არ აპატია.

მომენტები ჰქონდა ბაიერნს, მაგრამ მხოლოდ ერთის გატანა შეძლო, დანარჩენი რეალს გაატანა და სავარაუდოდ სადღეისოდ შეინახა – ბაიერნი ხომ არანაკლები დიდი გუნდია, თანაც გერმანული და არ ესწავლება, საპასუხო მატჩისას თითოეული დარტყმა ოქროს ფასის რომ იქნება.

სავარაუდოდ, მასპინძლებს ბეჭმტკივანი ნახევარმცველი ისკო და ბარძაყმტკივანი მცველი კარვახალი დააკლდებათ; სტუმრები კი მიუნხენური მატჩისას დაშვებულ რობენსა და ბოატენგს მოისაკლისებენ, ასევე საეჭვოა ალაბას თამაში.

მოკლედ, ვნახოთ, დიდი მატჩი 22.45 საათზე დაიწყება…

იუპ ჰაინკესი, ბაიერნის მწვრთნელი
– ვეცდებით შინ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და მადრიდში კარგი თამაში ვაჩვენოთ. უნდა შევუტიოთ, გოლების გატანა ბაიერნს გენში აქვს გამჯდარი. შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, როგორც ეს პირველ მატჩში მეტოქემ გააკეთა. რეალშიც კარგად ესმით, რომ ეს წლის მატჩია და არაფერს დათმობენ. მცირე დეტალებიც კი ძალაინ მნიშვნელოვანი იქნება. 90-93 წუთის განმავლობაში ფეხბურთელები მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყვნენ.
ზინედინ ზიდანი, რეალის მწვრთნელი
– ეს ნახევარფინალია და კარგად გვესმის თუ რა მნიშვნელოვანი მატჩია. არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ფინალში თამაშის ღირსნი ვართ. რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ვართ გუნდი რომელსაც ყველაფერის მოხდენა შეუძლია. მთავარია, მოგებაზე ვიფიქროთ და მინდორზე გამარჯვების წყურვილით გავიდეთ. სწრაფი გოლის გატანაა საჭირო და შევეცდებით ასეც მოვიქცეთ.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი: ნავასი, ნაჩო, რამოსი, ვარანი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო, ასენსიო, ბენზემა, რონალდუ
ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ჰუმელსი, ზიულე, ალაბა, მარტინესი, ტიაგო, ხამესი, მიულერი, რიბერი, ლევანდოვსკი
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)

წილი
წინა სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
შემდეგი სტატიაქობლიაშვილმა რუსს ევროპა წაართვა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...