სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ პრემიერლიგა დიდ შეჯიბრებად მისი და არსენ ვენგერის დაპირისპირებამ ჩამოაყალიბა. „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „არსენალის” შეხვედრის წინ „იუნაიტედის” ლიგენდარულმა მწვრთნელმა ყოფილ მოწინააღმდეგეს ღირსეული პატივი მიაგო და საჩუქარი გადასცა.

76 წლის ფერგიუსონმა თქვა: „ჩვენი ქიშპი შეჯიბრების ჰაილაითი იტო. „იუნაიტედი” „არსენალის” წინააღმდეგ დიდი თამაში გახლდათ. სწორედ მან შექმნა პრემიერლიგა. როდესაც არსენი „არსენალში” მივიდა, კლუბში ბევრი რამ შეცვალა, კვების რეჟიმით დაწყებული, ფიზიკური მომზადების ვარჯიშებით დამთავრებული. იმ პერიოდში ის დროს უსწრებდა. ის სამაგალითო იყო, ჩვენ კი ყოველთვის ვიღებთ მაგალითს პროგრესული ადამიანებისგან.

იცით რას ჰგავდა ჩვენი ურთიერთობა წლების განმავლობაში? მანქანას რომ მიაქროლებ და თან სულ გვერდით სარკეში იყურები, უკნიდან ვინმე ხომ არ გისწრებს”.

იმ დიდი ფეხბურთის წლებში ვენგერმა „არსენალი” სამჯერ გახადა ინგლისის ჩემპიონი. ორჯერ დუბლი შეასრულა. ოთხჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი, ხოლო ის სეზონი, როდესაც გუნდმა თავიდან ბოლომდე დაუმარცხებლად იარა, ისტორიაში შევიდა.

იმავე პერიოდში, 1998-2005 წლებში, ფერგიმ „მანჩესტერ იუნაიტედი” ოთხჯერ მიიყვანა პრემიერლიგის ჩემპიონობამდე, ორჯერ მოიპოვა ფეხბურთის ასოციაციის თასი, ხოლო 1999 წლის „ტრებლი” ასევე ოქროს ასოებითაა შესული ისტორიაში.

ფერგიუსონი: „ფაქტობრივად, ჩვენი და „არსენალის” ყველა დაპირისპირება გადამწყვეტი იყო. იყო დიდი კონფრონტაცია, რადგან ორი გუნდი, ორი მწვრთნელი იბრძოდა იმისთვის, რასაც პრემიერლიგის ჩემპიონობა ჰქვია. ჩვენ კონფლიქტებიც მოგვსვლია, მაგრამ ამის მიუხედავად არსენს ყოველთვის პატივს ვცემდი, რადგან ის თავის კლუბში დიდ საქმეს აკეთებდა. დღეს დიდი ეპოქა სრულდება. ეს იყო ფანტასტიკური კარიერა.

მე არსენთან შეხვედრა მიყვარდა, მაგრამ მას თან დაძაბულობაც ახლდა, რადგან მატჩი უნდა მოგვეგო. ერთმანეთს ორი დიდი კლუბი უპირისპირდებოდა. ყოველი მოგების შემდეგ გეუფლებოდა გრძნობა, რომ ტიტულისკენ მთავარი ნაბიჯი გადადგი.

ჩვენი კონფლიქტების შესახებ უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ფიფაში ჩვენი როლების გამო ყოველ წელიწადს გვიწევდა შვეიცარიაში შეხვედრა და იქ სიამოვნებით ვსადილობდით ერთად. დროს საუბარში ვატარებდით.

დღეს კი სხვა დროა. მე რა ხანია გადავდექი და არსენიც უკვე ასაკშია. ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს”.