ტურინში ჩასულს, ამინდიც ისეთივე არაპროგნოზირებადი და ცვალებადი დამხვდა, როგორიც თავად ,,ბებერი ქალბატონია“. წვიმა, მზე, წვიმა, მზე…
ყვითელი ველოსიპედები. ისტორია, ინდუსტრია, კულტურა, არქიტექტურა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია. ყველაზე დიდი ღისრშესანიშნაობა და ტაძარი ჩემთვის „იუვენტუსის“ სტადიონია. ტრანსპორტზე უარს ვამბობ. სასტუმროდან საათის გზაა.
სტადიონზე რამდენიმე საათით ადრე მივედი. მთელი დღე კარდიფის ფინალზე ვფიქრობ (რეალი-იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგის წინა ფინალი). დიდ დღესასწაულზე, რომელიც „იუვეს“ ფანებს კოშმარად გვექცა. რევანშის წყურვილი იმდენად ძლიერია, რომ თამაშის დაწყებამდე ვეღარ ვითმენ. წუთები საუკუნეებს უტოლდება. დრო ნელა მიდის. გუნდის მუზეუმი, მაღაზიები, სტადიონის ტური, „იუვეს“ გასახდელი, კაფე… და აი მატჩის დაყებამდე საათნახევრით ადრე უკვე ტრიბუნაზე ვარ. ზუსტად შუაში. ცენტრალურ ხაზთან. სტადიონი ხალხით ივსება. მატჩის დაწყებამდე უკვე ზეიმია.
„იუვეს“ ჰიმნი. მთელი სტადიონი მღერის. შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი – წარმოუდგენელი ემოცია. ჩემი მზერა ორ ადამიანზეა მიპყრობილი. ჯიჯი და კრიშტიანუ. პირველს მეორემ სიბერე გაუმწარა. პორტუგალიელს ტურინში განსაკუთრებით ერჩიან.

სამი წუთის შემდეგ… მომხდარს ვერ ვიჯერებ. როგორ შეიძლება… ასე უცებ. კარგი რა მართლა… ამხელა გზაზე ჩამოვედი… ისევ გაიტანა… მესამე წუთზე… წარმოუდგენელია. კრიშტიანუ!. ამას არავინ ელოდა. იუვეს ფანობა არ ტყდება – უფრო ხმამაღლა მღერის. არც მე ვტყდები, მაგრამ ტელეფონში ჩახედვა არ მინდა. ვგრძნობ, ფეისბუქზე მთელი თბილისი მთაგავს.
შესვენება. უხასიათოდ ვარ. ვითომ თავს ვირთობ ათასი სისულელით. ფეისბუქში არც ვიხედები. მეორე ტაიმში რაღაც შეიცვლება და მერე იქნებ რამე დამრჩეს სათქმელი.
მეორე ტაიმი… გქონიათ შემთხვევა, როცა ყველაფერი თავზე გენგრევათ და ვერაფერს ცვლით, რადგან თქვენზე აღარაა დამოკიდებული. ხდება ხოლმე ცხოვრებაში. აი ზუსტად ეს მოხდა 64-ე წუთზე.

ჯორჯო, ჯორჯო, ჯორჯო… ყვირის ჩემ წინ ვიღაც იტალიელი. ჯორჯოოოოოო… კიდევ ერთხელ გაბმულად დაიყვირა, როცა კიელინის უპატიებელი შეცდომა მოუვიდა და ბუფონთან შეუთანხმებელი თამაშით ბურთი კრიშტიანუს დარჩა. მერე ჯიჯიმ მოიგერია კარში დარტყმული და მთელმა სტადიონმა ამოისუნთქა.

ყველაფერი წამებში ხდება. ისევ აგუგუნდა სტადიონი, რადგან ხიფათი გადავლილია. ბურთი კარვახალს აქვს, მაგრამ წინ იუვეს მცველია. ყველა თავის პოზიციაზე დგას და გოლი აღარ გავა. ასე ვფიქრობ მეც და ყველა გარშემო. სტადიონის ემოცია ამაზე მეტყველებს. ჯორჯოც გადარჩა… კარვახალმა ჩააწონა. რა კარგია. ბურთი მაღლაა, კარიდან მოშორებით, მცველები ადგილზე არიან – ასე სწრაფად მუშაობს ჩემი გონება…მოულოდნელად ყველაფერი დასრულდა. დაუჯერებელია. ირგვლივ ყველა და ყველაფერი დამუნჯდა. სრულია სიჩუმეა. ეს წამია, ისტორია დაიწერა. ამ გოლს აღწერა არ სჭირდება ან რომელი ჰომეროსი მე ვარ…
ჰო, რას ვაკეთებთ, როცა ყველაფერი თავზე გვენგრევა?! აი დადგა ეს წამიც – ერთადერთი გამოსავალია, ღირსება არ დაკარგო. ეს იგრძნო იმ გენიალურმა ტურინულმა ფანობამ, ვიღაც წამოდგა და ტაში დაუკრა, მერე სხვებიც წამოდგნენ, მერე მეც, მერე კიდევ სხვები და მერე მთელი სტადიონი. ტურინი ტაშს უკრავს საძულველ მეტოქეს – კრიშტიანუ რონალდუს. მასაც დაუდგა წამი, როცა მწვერვალზეა და მტრის პატივისცემა დაიმსახურა. მანაც იგრძნო ეს წამი და მივიდა „იუვეს“ ფანებთან და გულწრფელი მადლობა გადაუხადა. 64-ე წუთზე მტრობა აღარ იყო. წაგებასაც აქვს ხიბლი, რადგან შენ უიშვიათეს წამს შეესწარი, როცა ყველაფერი სულერთია. შენ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული შენი თვალით სტადიონზე ნახე.

მატჩის შესახებ თხრობის გაგრძელებას აზრი არა აქვს. მატჩი ტურინში 64-ე წუთზე დასრულდა. დანარჩენი სტატისტიკაა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა გველოდა მადრიდში, როცა სტატისტიკა აღმოჩნდება გადამწყვეტი ფაქტორი. როცა კრიშტიანუ ისევ ჩვეულებრივი კაცი გახდება, როცა წაგებულ თამაშში გამარჯვების პენალტს გაიტანს.

სტადიონიდან გამოსული, იქვე ნაყიდი შავი ქოლგით, სევდიანი გავუყევი ტურინის ქუჩებს ჩემი სასტუმროსკენ. ჰო, ზუსტად ასე პოეტურად იყო ყველაფერი. მივხვდი, რომ მომშივდა. სადმე შესვლის სურვილი არ მქონდა. ერთადერთი, სასტუმროში დაბრუნება მინდოდა. ჯერ კიდევ დილით შევამჩნიე, რომ ერთ-ერთ გზაჯვარედინზე ჰოთ-დოგის მანქანა იდგა. საორიენტაციოდ დავიმახსოვრე კიდეც. სწორედ იმ ადგილს მივადექი. ეგვიპტელები აღმოჩნდნენ. ორნი იყვნენ ქაიროდან. ქურთუკს შიგნით იუვეს მაისურა შემამჩნიეს. მომისამძიმრეს. ჰოთ-დოგი მომიმზადეს. დავემშვიდობე.

მო სალაჰ, მო სალაჰ… მომაძახა ეგვიპტელმა. იგულისხმა, „ლივერპული“ და სალაჰი მოიგებენ ჩემპიონთა ლიგასო. ეჰ, მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ დაე, ასე იყოს, შენ მაინც გაგიხარდეს-მეთქი, ჩავილაპარაკე ჩემთვის და, ჰოთ-დოგიდან გადმოღვრილი მაიონეზი „იუვეს“ მაისურზე გადავისხი. წვიმიანი ტურინის ქუჩებით გავუყევი გზას ჩემი სასტუმროსკენ. შავი ქოლგით და თეთრი ლაქით „იუვეს“ მაისურზე… შავ-თეთრი მაინც უკვდავია.

ახლა ეგვიპტელი გახარებულია… ჯერჯერობით. მე და ჯიჯი – მოწყენილი.