
ნებითა შენითა, სანამ ბრძანებითა ჩვენითაო…
ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. მასთან ერთად სამსახურს მთელი სამწვრთნელო შტაბი დატოვებს. ასეთ შეთანხმებამდე მივიდნენ ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.
რა იყო ეს? ორიდან თუნდაც ერთი სკამის გადარჩენის მიზნით ცირეკიძის შეწირვა?
დრო გვიჩვენებს.
ასე იოლად აგორებული ტალღა არ გადაივლის. ტალღა კი დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ააგორა, ვის სიტყვასაც წონა არამხოლოდ სპორტულ წრეებში აქვს. ამბობენ, ფედერაციის მუშაობით აღტაცებული არც შოთა ხაბარელიაო და გამიკვირდება, თუ განცხადების დაწერა ქევხიშვილსაც არ მოუწევს.
ცუდია, რომ ევროპული ფიასკო და შიდაარეულობა მსოფლიო ჩემპიონატის წინ სულაც არ გვაძლევდა ხელს, მაგრამ თუ დაჟეჟილს გატეხილი სჯობს, დღეს გატეხილი იყოს – სანამ ნაბან წყალს ოლიმპიური თამაშებიც არ გადავაყოლეთ.
არადა, აშკარაა, რომ ფედერაციის პრობლემები ერთი ჩაგდებული ევროპირველობით არ შემოიფარგლება.