ლეო მესის ჰეთ-თრიქმა „ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონის ოცდამეხუთე ტიტული მოუტანა. ლა კორუნიაში, „რიასორზე”, ანგარიში ფილიპე კოუტინიუმ გახსნა, შემდეგ მესიმ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა — 2:0, მაგრამ „დეპორტივომ” პერესის და კოლაკის გოლებით „ბლაუგრანას” უპირატესობა გაქვითა. და როდესაც თამაში დასასრულისკენ მიდიოდა, არგენტინელმა ვარსკვლავმა 8 წუთში გატანილი ორი გოლით როგორც შეხვედრას, ასევე ჩემპიონატს წერტილი დაუსვა — „ბარსელონას” „ატლეტიკოზე” 9 ქულით მეტი და თამაშით ნაკლები აქვს.
ამრიგად, ერნესტო ვალვერდემ „ბარსას” თავკაცის რანგში პირველივე წელიწადს მოიპოვა ლა ლიგას ჩემპიონის ტიტული.
„ბარსელონას” მთავარი მოქიშპე „რეალი”, რომელიც 33-ჯერ ყოფილა ესპანეთის ჩემპიონი, ახალ ჩემპიონს ძლიერ ჩამორჩება — მთელი 15 ქულით.
„ბედნიერი ვარ. ლა ლიგის მოგება ძალიან ძნელია და ამიტომ დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული, — თქვა მატჩის შემდეგ მესიმ, — დიდად ვაფასებთ ამ წარმატებას და გულშემატკივრებთან ერთად ვზეიმობთ. თან, წლევანდელი გამარჯვება სპეციფიკურია, რადგან ჩემპიონატის მატჩებში ჯერ არ დავმარცხებულვართ. გვქონდა რთული მომენტები, მაგრამ ყველა ისე დავძლიეთ, რომ წაგების სიმწარე არ განგვიცდია. ეს წარმოუდგენელია.
ჩვენ ვჯობდით მეტოქეებს და ყველა შეჯიბრებას ერთადაც თუ გადავხედავთ, ფაქტობრივად არ დავმარცხებულვართ. მხოლოდ ერთხელ წავაგეთ „სამეფო თასზე” და ერთხელაც, სამწუხაროდ, რომში, ჩემპიონთა თასზე, რაც ძალიან მოულოდნელი შედეგი იყო”.