მოჰამედ სალაჰს „ლივერპული” ხელფასს გაუორმაგებს. თავდამსხმელს, რომელსაც მიმდინარე სეზონში 43 გოლი აქვს გატანილი, მერსისაიდული კლუბის შეფებმა კვირაში 185 ათასი გირვანქა შესთავაზეს. ეს 210 ათასი ევროა.
ასე ცდილობენ ლივერპულელები 25 წლის ეგვიპტელის შენარჩუნებას, თორემ ბოლოხანს „რეალის” ინტერესზე დაიწყეს ლაპარაკი. „წითლებს” კი ესპანელებისგან მხოლოდ ცუდი ახსოვთ: „ბარსელონამ” მისგან ჯერ ლუის სუარესი გადაიბირა, მერე კი ფილიპე კოუტინიუ.
იბერიელთა ინტერესს სულ რომ თავი დავანებოთ, ხელფასები საკუთრივ კლუბმაც ხომ სამართლიანად უნდა გაანაწილოს. ის, რომ „ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და ცალი ფეხით ფინალშიც კი არის გასული („რომას” პირველ შეხვედრაში 5:2 მოუგო), სალაჰის დამსახურებაა, არადა მისი გასამრჯელო კვირაში „მხოლოდ” 90 ათასი გირვანქის ტოლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეგვიპტელს თანაგუნდელთა შორისაც კი არ აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ხელფასი.
რასაკვირველია, მოჰამედ სალაჰის გაყიდვა მერსისაიდელებს გვარიან ფულს მოუტანდა. მათ ფორვარდი გასულ ზაფხულს ზემოთ ნახსენები „რომასგან” 34,3 მილიონ გირვანქად იყიდეს, ახლა კი ოთხჯერ ძვირად შეუძლიათ გაყიდვა, მაგრამ „ლივერპული” ლიდერს იოლად ვერ შეელევა. კონტრაქტის თანახმად ეგვიპტელი „ენფილდ როუდზე” ოთხ წელიწადს უნდა დარჩეს.
ცხადია, კლუბი შეეცდება ფეხბურთელს ქაღალდებზე, რომლებშიც გაზრდილი გასამრჯელო იქნება ჩაწერილი, ხელი მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოაწერინოს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მისი საბაზრო ღირებულება შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
სალაჰის ადვოკატი რამი აბას ისა, რომელიც თავს ვარსკვლავის „ოჯახის წევრად” აცხადებს, ამბობს, რომ ის და მისი კლიენტი კმაყოფილები არიან „ლივერპულით” და კერძოდ იურგენ კლოპით.
და ბოლოს, მოჰამედ სალაჰს ბოლო შვიდ შეხვედრაში მოედანი გოლის გარეშე არ ჰქონდა დატოვებული, მაგრამ შაბათს, „სტოკთან” შეხვედრაში მეკარესთან პირისპირ შესულმა ააცილა მიზანს. თურმე ისიც ადამიანი ყოფილაო, დაწერა მას მედიამ.