დღეს პირზე ყველას მუჰამედ სალაჰი აწერია. პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე აღიარებული ეგვიპტელი, ბუნებრივია, ოქროს ბურთზეც ოცნებობს, თუმცა საამისოდ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით უნდა იასპარეზოს. მესისგან განსხვავებით, მას ჩემპიონობას არავინ სთხოვს, მაგრამ ქვეჯგუფში…
ჰოდა, ეგვიპტელთა მეტოქე რუსეთის ნაკრების ბანაკში პანიკაა. როგორ შეაჩერონ სალაჰი?
ჟურნალისტებმა აზრი სსრკ-ის ორგზის საუკეთესო მეკარე ანზორ კავაზაშვილს სთხოვეს. მანაც ალალად უპასუხა:
„ერთი ვარიანტია მისთვის პერსონალური მცველის მიჩენა, რომელმაც სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყოს და მას სდიოს. ამ დროს ფორვარდმა იცის, როდის და რა მიმართულებით აჩქარდება, მცველისთვის კი ეს მოულოდნელობაა. ამ ვითარებაში სალაჰი ნებისმიერ მეურვეს მალევე გულისრევამდე მიიყვანს.
არის ზონური დაცვის ვარიანტიც, მაგრამ სალაჰის სისწრაფის და გადაადგილებების ფონზე, თვალები მთელ დაცვას აუჭრელდება და გულისრევაც კოლექტიური იქნება“.
წესების გარეშე ბრძოლაში რუსმა მსოფლიო ჩემპიონმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა ისიც კი თქვა, იქნებ უბრალოდ ვიზა არ მივცეთო.
არის მესამე მოსაზრებაც: მოდით დახმარება ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს ვთხოვოთო. ეს იდეა ცნობილ საფეხბურთო კომენტატორ ვასილი უტკინს ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა კადიროვის გავლენა.
P.S. რაც შეეხება ვასილი უტკინს, „სპარტაკი“-„ახმატის“ ნამატჩევს ერთ-ერთ გროზნოელ ლეგიონერზე პოსტი დადო სოციალურ ქსელში.
ჯერ კლუბის პრესატაშემ დაურეკა – ეგებ აგეღო პოსტიო…
მერე იმ ლეგიონერის ქვეყნის საელჩოდან დაურეკეს იგივე თხოვნით – ესენიც მივლინებაში გაუშვა…
ბოლოს თავად კადიროვმა დაურეკა: სლუშაი, უტკინ, პა ბრატსკი პრაშუ, ზაჩემ წებე პრაბლემი ნუჟნი? – და ასეთ სტილში..
უტკინმა ის პოსტი აიღო, მაგრამ უკვე მომდევნოში ეს ისტორია მოგვითხრო…