— შენ, ბიძია, ოჯახი არ გყავს?

— რა გააჭირეთ საქმე. ოჯახიც ჰყავს, ცოლიც ჰყავს და ბავშვების მთელი ინკუბატორი.

ია ია და ჯინება

ვერ გეტყვით სად არიან რიტმ ენდ ბლუზის მომღერლის ტანიკა ბეილის ჯანიანი მამა და უფროსი ძმები, ანკი ჰყავს თუ არა ასეთები საერთოდ, მაგრამ სადაც გინდა იყვნენ იქ, ინგლისში სხვა ურთიერთობებია.

აი, იაია ტურეს კი ნამდვილად ჰყავს ცოლი და სამი შვილი. ცოლს ჯინება ჰქვია. ოჯახი ჩეშირში ცხოვრობს და ია იას 300 ათასიან ხელფასზე ლაღობს. კვირაში 300 ათას გირვანქაზეა ლაპარაკი…

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ტანიკა ბეილის ინსტაგრამზე გამოჩნდა ფრიად ინტიმური ფოტო, სადაც ის და „მანჩესტერ სიტის” ვეტერანი ერთმანეთს კოცნიან. 28 წლის მომღერალი კიდევ უფრო შორს წავიდა და ფოტოს მიაწერა „ტანიკა ტურე”.

ეს ტანიკა ტურე მართლა ძალიან ჭრის ყურს. კვირაში 300 ათასზე პრეტენზიასავით ისმის. აქ, სავარაუდოდ, ჩაერევა საქმეში ჯინება და მერე ნახეთ გინება, მაგრამ მოვლენებს ძალიანაც ნუ გავუსწრებთ.

„ისინი ერთად ძალიან ბედნიერები არიან. იაია ტანიკას ეთაყვანება, ტანიკას კი იაია უყვარს თავდავიწყებით”, — უთხრა „სანს” მომღერლის ერთმა დაქალმა.

34 წლის იაია ტურე „სიტიში” 2010 წელს „ბარსელონადან” გადავიდა. ის „ქალაქელებს” შესანიშნავად შეეწყო, გუნდის კაპიტანი გახდა და 2012-ში „სიტი” ინგლისის ჩემპიონი რომ გახდა, სამკლაური მას ეკეთა.

მიმდინარე სეზონში ტურემ პოზიციები დათმო, მაგრამ მაინც გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, კიდევ ერთხელ.