თბილისის „დინამომ“ შინ ფოთის „კოლხეთი“ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და პირველად გალიდერდა ახალ სეზონში. მანამდე, ექვსი ტურის განმავლობაში, სატურნირო ცხრილს „საბურთალო“ ედგა სათავეში. თუმცა, უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, რომ მერვე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობაა. „დინამოს“ და „საბურთალოს“ ყველა მონაცემი თანაბარი აქვთ, ეგ არის, დინამოელებს ჯამში ორი ბურთით მეტი გაუტანიათ.

დინამოელთაგან დუბლით  კაპიტანი  კიტეიშვილი გამოირჩა. ეს ოთარის მეორე დუბლია სეზონში. პირველად, ამ მხრივ, მან 11 მარტს, მეორე ტურში, „ლოკომოტივთან“ იყოჩაღა. საერთოდ კი ჩემპიონატში 9 დუბლია შესრულებული.

ბუდუ ზივზივაძემ მეორე პენალტი გააცუდა სეზონში. მატჩის 54-ე წუთზე მას „კოლხეთის“ უკრაინელმა მეკარე ანდრი პოლტავცევმა აუღო. პირველად ბუდუმ „ჩიხურას“ ბოსნიელ დინო ჰამზიჩს ვერ აჯობა.

ეს ჯამში მეოთხე ვერგატანილი თერთმეტმეტრიანია სეზონში.

ცენტრალური მატჩი ივანწმინდაში გაიმართა, სადაც „ჩიხურამ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, თუმცა, თავიდან აგებდა. გამარჯვების გოლი საჩხერელმა კახა კახაბრიშვილმა შეხვედრის ბოლო წუთზე გაიტანა.

„სამტრედია“ უგოლოდ დაშორდა „რუსთავს.“ ეს თამაში ლანჩხუთში გაიმართა. საინტერესოა, რომ  ბადრი კვარაცხელიასთვის ეს მესამე მატჩი გახლდათ სამტრედიელთა  მწვრთნელის რანგში და სამივე შეხვედრა ნულოვანი ფრით დაამთავრა.

ცუდად მისდის საქმეები თბილისის „ლოკომოტივს.“ ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი ამჯერად გორის „დილასთან“ დამარცხდა 1:3. გორელთგან სამივე ბურთი ლეგიონერებმა გაიტანეს. განსაკუთრებით ეფექტური ბრაზილიელი ლეანდრო რიბეიროს გოლი გამოდგა. მოგვიანებით რიბეირომ პენალტიც გაიტანა. ეს ამ ლეგიონერის მიერ შესრულებული პირველი დუბლი იყო წლევანდელ სეზონში.

რიოდეჟანეიროელი რიბეირო „დილაში“ შარშან ივლისში გამოჩნდა ბრაზილიური „ვილა ნოვადან.“ 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მერე ერთ ხანს ნეთანიას „მაკაბიში“ გაანათხოვრეს და წლეულს ისევ შიდაქართლელებს დაუბრუნდა. მისი სატარანსფერო ფასი დაახლოებით 300 ათასი ევროა.

ამავე მატჩში გამოირჩა გორელთა ჰოლანდიელი ალვინ ფორტესი. ეს მისი მეოთხე გოლი გახლდათ სეზონში და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. გორელი უცხოელების თამაში  საგანგებოდ უნდა გამოვყოთ, რადგან კვალიფიციური ლეგიონერებით საქართველოში განებივრებულები არ ვართ.

ყველაზე კორექტული შეხვედრა კი ქუთაისის „რამაზ შენგელიაზე“ გაიმართა. „ტორპედო“ – „სიონის“ მატჩში მთავარ არბიტრ ჯენერ ხორავას არცერთი ფეხბურთელი გაუფრთხილებია. ქუთაისელებმა დიდი ანგარიშით 3:0 მოიგეს. ბოლნისელმა ალექსანდრე გურეშიძემ კი საკუთარ კარში გაიტანა. ეს ჯამში მეხუთე ავტოგოლი გახლდათ სეზონში.

 

VIII ტური. სამტრედია 0:0 რუსთავი, ლოკომოტივი 1:3 დილა, ჩიხურა 2:1 საბურთალო,  დინამო 4:1 კოლხეთი, ტორპედო 3:0 სიონი

 

  1. დინამო             8          6          0          2          18:8     18
  2. საბურთალო       8          6          0          2          16:6     18
  3. ჩიხურა             8          4          3          1          13:6     15
  4. დილა               8          4          3          1          15:10   15
  5. ტორპედო         8          4          0          4          11:8     12
  6. რუსთავი          8          3          2          3          8:7       11
  7. სიონი              8          2          1          5          7:14      7
  8. კოლხეთი          8          2          1          5          8:20     7
  9. სამტრდია         8          1          3          4          3:8       6
  10. ლოკომოტივი    8          1          1          6          8:20      4

 

IX ტური

1 მაისი: სიონი – ჩიხურა, საბურთალო – სამტრედია, კოლხეთი – ტორპედო

2 მაისი: რუსთავი – ლოკომოტივი, დილა – დინამო

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა), ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი  (ორივე – დინამო)  – 5, ალვინ ფორტესი (დილა) – 4

 

 

წილი
წინა სტატიასაქართველოს შვიდი სირცხვილი
შემდეგი სტატიასალაჰი მდიდრდება
სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.