არსენ ვენგერი ჟოზე მოურინიუს სთხოვს ბოლო შეხვედრისას მაინც არ „ურქინოს”. თუმცა, იქნება კი ეს ამ ორი დიდი მწვრთნელის ბოლო დაპირისპირება?

„მანჩესტერ იუნაიტედი” „არსენალს” კვირას, საქართველოს დროით 19 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობს. ვენგერმა „განსაკუთრებულს” მას-მედიით მიმართა: „ნუ მკრავ ხელს ჩვენს ბოლო დაპირისპირებაში. მშვიდობიანად მინდა წავიდე”

შემდეგ ფრანგმა დასძინა:„მოურინიუ დიდი მწვრთნელია. მინდა მას და ყველა სხვას კეთილად დავემშვიდობო”.

არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიუ ათ წელიწადზე მეტია, რაც ერთმანეთს არიან წაკიდებულები. მას მერე, რაც ითქვა, რომ ვენგერი სეზონის ბოლოს „მეთოფეებს” დატოვებს, ისე გამოჩნდა, თითქოს 29 აპრილს მათი ბოლო დაპირისპირება უნდა გაიმართოს, მაგრამ ფრანგმა ქარაგმულად ჩააგდო, ვინ იცის რა მოხდებაო:

„საფრანგეთში დამშვიდობებისას ჩვენ ვამბობთ Au Revoir, რაც ნიშნავს ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე”.

იმეგობრებს თუ არა ვენგერი მომავალში მოურინიუსთან?

„არ ვიცი, თუმცა მე მას დიდ პატივს ვცემ”.

და ისევ კვირის თამაშზე: „წარმოდგენა არ მაქვს როგორ მიმიღებენ „მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს შორის დიდი ბრძოლები გამართულა. მოკლედ, თუ „ოლდ ტრეფორდზე” კარგად შემხვდებიან, გამიხარდება”.

ურთიერთ მამლაყინწობის შესახებ ჟოზე მოურინიუსაც ჰკითხეს. პორტუგალიელმა უპასუხა:

„თუ ვნანობ? კი, იყო მცირე ნეგატიური ეპიზოდები. მათ ალბათ ვენგერიც ნანობს. ჩვენს შორის მომხდარა რაღაცები, რაც ჯობდა არ მომხდარიყო. ჟესტები, ცალკეული ფრაზები…

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა კარგად იციან, რომ 2004 წლამდე, თითქმის ათი წლის განმავლობაში, მთავარი სერ ალექს ფერგიუსონისა და არსენ ვენგერის დაპირისპირება იყო. „არსენალს” დიდებული გუნდი ჰყავდა. მასთან კონკურენციამ „იუნაიტედი” გააძლიერა.

ვფიქრობ, ვენგერი იგრძნობს ჩვენს პატივისცემას”.