200 მილიონი ინგლისური გირვანქა 230 მილიონი ევროა და სწორედ ეს თანხა უნდა ლუის ენრიკეს „არსენალის” გადასაკეთებლად… რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ ის ლონდონელების მწვრთნელი გახდება. ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც გავიმეორებთ, რომ „მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი კლუბში 22 წლიან ეპოქას ამთავრებს, ხოლო მის სავარაუდო შემცვლელთა შორის ფავორიტი ლუის ენრიკეა.

როგორც „სანმა” შეიტყო, „ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი „არსენალის” შემადგენლობის სრულ რეორგანიზაციას აპირებს. გაზეთი წერს, რომ მხოლოდ თავდასხმის ხაზი დარჩება ხელუხლებელი, ასე რომ სარეკორდო 60 მილიონ გირვანქად ნაყიდ პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და ალექსანდრ ლაკაზეტის შეუძლიათ მშვიდად ეძინოთ.

დაცვასა და ნახევარდაცვას კი ლუის ენრიკე დაერევა. საყურადღებოა, რომ ნახევარდაცვის ბურჯად მას „რომას” ბელგიელი მოთამაშე რაჯა ნაინგოლანი ესახება, ეს კი ვენგერის კურსის სრულ ცვლილებას ნიშნავს: ნაინგოლანი 29 წლისაა, ხოლო ფრანგი მხოლოდ ყმაწვილკაცებს ყიდულობდა.

ლუის ენრიკეს „ბარსელონადან” წასვლის შემდეგ არსად უმუშავია, ისვენებდა. რაც შეეხება ხელფასს, ესპანელი იმავე გასამრჯელოს ითხოვს, რაც ვენგერს ჰქონდა — წელიწადში 9 მილიონ გირვანქას. ეს რამდენად სამართლიანია, „არსენალის” შეფობამ განსაჯოს.