„სანი” წერს, რომ „არსენალის” მხრიდან ვენგერის გადადგომის ვერსიის დღეში სამჯერ შეცვლა უკვე ფარსში გადადის. ჩვენებურად რომ ვთქვათ, მაიმუნობაა.
„სანისავე” მტკიცებით, კლუბმა ფრანგ მწვრთნელს შეიძლება სულაც აღარ გადაუხადოს საკომპენსაციო 11 მილიონი გირვანქა — ვენგერის განცხადება, რომ ის კლუბთან შეთანხმებით კი არ მიდის, არამედ შეფებმა გააგდეს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს.
შემდეგ, გაზეთი ოთხშაბათის ქრონიკას იხსენებს:
12:43 — ევროლიგის ნახევარფინალთან („არსენალი” „ატლეტიკოს” ხვდება) დაკავშირებულ ბრიფინგზე არსენ ვენგერს პირდაპირ ჰკითხეს, რატომ გაწყვიტა კლუბთან კონტრაქტი, მაშინ როდესაც თანამდებობაზე იურიდიულად 2019 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო.
„ჩვენ შევთანხმდით რომ წავიდოდი, მაგრამ როდის ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა”.
19:21 — „არსენალმა” გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ეწერა: „მწვრთნელის თხოვნით ნათელს ვფენთ იმ ფაქტს, რომ როდესაც დროზე ლაპარაკობდა, ის სამსახურიდან წასვლის დროს კი არა, შეთანხმების გამოქვეყნების დროს გულისხმობდა”.
20:00 — კლუბის საიტზე გამოჩნდა განცხადება, რომლის ავტორიც ხსენებული საიტის თანახმად ვენგერი იყო: „როდესაც ჩემი წასვლის შესახებ მოვილაპარაკეთ, ამ ამბის გასაჯაროების დრო სიხარულით მივანდე კლუბს. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს დრო სწორედ შეარჩიეს”.
როგორც ადრე ვთქვით, ვენგერი თავის გადადგომას ნაწილობრივ გულშემატკივარს აბრალებს:
„უკმაყოფილოები შესაძლოა სულაც არ წარმოადგენენ უმრავლესობას, მაგრამ როდესაც მათ ნათქვამს, მათ განწყობილებას მას-მედია აიტაცებს, უკვე უმრავლესობის შთაბეჭდილება იქმნება.
ჩვენ ძალიან ემოციურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.
მხოლოდ ცოტას შეუძლია განასხვაოს ერთმანეთისგან წარუმატებლობის მომენტები და ის გლობალური კმაყოფილება, რომელიც მე ამ კლუბს მოვუტანე”.