ქვას უფრო გატეხავ, ვიდრე დღევანდელი ფორმაციის მადრიდის „რეალს“.  წარმოუდგენელია! ბოლო სამი წელიწადია, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე, აგებს „რეალი“, ვერ თამაშობს, მომენტს ვერ ქმნის და არსაიდან გოლი გააქვს, მერე კი მეტოქეს გუდავს, ფსიქოლოგიურად სპობს.

ასეთ მახრჩობელა გუნდად ჩამოყალიბდა ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი გუნდი. შევასწოროთ: ასეთად ჩამოყალიბდა ჩემპიონთა ლიგაში, თორემ ლა ლიგაში, იცოცხლეთ, ბევრჯერ წააქციეს.

საწყალი „ბაიერნი“. უტევდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. უფრო სწორად, საწყალი ფრენკ რიბერი, რომელმაც წინ ლამის მარტო ითამაშა. საშინელი მატჩი ჩაატარა რობერტ ლევანდოვსკიმ, ტომას მიულერიც ვერ იყო აშკარად იშტაზე და საერთოდ, გათითოკაცებული ჩანდა მიუნხენური გრანდი. ყველა თავისთვის – არანაირი მონახაზი, მხოლოდ რიბერის „შესრიალებების“ იმედზე.

ჰოდა, იქ არის მარსელო, იქ არიან გიურზებივით ვასკესი და ასენსიო. აკი, ამ სამეულმა გააკეთა კიდეც დღეს თამაში.

„რეალი“ ახლოსაა მორიგ ფინალთან, თუმც წინ საპასუხო მატჩია, ისტორია კი ხშირად მეორდება. შარშან არ იყო, ოღონდ მეოთხედფინალში, შინ წაგებული 1:2 ბაიერნმა მადრიდში რომ გაათანაბრა?! მაშინ ზიდანის გუნდმა დამატებით დროში იმარჯვა, მოგვიანებით კი თასსაც დაეუფლა…

მიუნხენი. ალიანც არენა

ბაიერნი 1:2 რეალი

გოლები: 1:0 კიმიხი (28), 1:1 მარსელო (44), 1:2 ასენსიო (57)

ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ბოატენგი (ზულე 34), ჰუმელსი, რაფინია, ხავი მარტინესი (ტოლისო 74), რობენი, რიბერი (ალკანტარა 8), ხამესი, მიულერი, ლევანდოვსკი

რეალი: ნავასი, კარვახალი (ბენზემა 67), რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვასკესი, ისკო (ასენსიო 46), რონალდო

გაფრთხილება: რიბერი (52), კაზემირო (78), ალკანტარა (88)

მსაჯი: ბ.კუიპერსი (ჰოლანდია)

წილი
წინა სტატიაგოლთაცვენის მოლოდინი
შემდეგი სტატიაეს უკვე მაიმუნობაა!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...