აპრილში პეპ გვარდიოლა შეიქნა პირველი ესპანელი, ვინც მწვრთნელის რანგში ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა. მანამდე პეპს ესპანეთის და გერმანიის საფეხბურთო მწვერვალებიც ჰქონდა დაპყრობილი. ევროპის ტოპ-5 პირველობიდან მის კოლექციას იტალიური და ფრანგული ოქროები აკლია. ლოგიკურად, თუკი პეპი გარემოს შეცვლას გადაწყვეტს, შემდეგი გაჩერება იტალიური სერია A იქნება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

გვარდიოლამ მშვენივრად იცის, რომ იტალიაში აღმერთებენ. ფეხბურთელის კარიერის მიწურულს მან ხომ „ბრეშასა“ და „რომაში“ მოსინჯა ძალები. 2001 წელს „ბრეშაში“ მისი გადაბარგების მიზეზი ხელფასი სულაც არ ყოფილა – პეპს რობერტო ბაჯოს გვერდიგვერდ სურდა თამაში. ბევრ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ქომაგთა გულის მოსაგებად მაინც ეყო. ბევრს ახსოვს მისი ჟესტი, ტრავმამოშუშებულ და შეცვლაზე შესულ რობი ბაჯოს მოედნის კიდესთანვე რომ შეაგება კაპიტნის სამკლავური.

გვარდიოლას დღემდე უყვარს ბრეშაში მეგობრებთან სტუმრობა. რამდენიმე წლის წინ კლუბის პრეზიდენტმა ჯინო კარიონიმ მეგობრულ ვახშამზე ესეც ჰკითხა: „პეპ, მწვრთნელად რომ დაგიძახო, რამდენს მომთხოვ?“

გვარდიოლამ გაიღიმა და უპასუხა: „სინიორ პრეზიდენტო, თუ ოდესმე იტალიაში გადმოვბარგდები, მხოლოდ ბრეშაში და მხოლოდ უხელფასოდ“.

პრეზიდენტი კორიონი ორი წლის წინ გარდაიცვალა და თუ გვარდიოლა ერთ მშვენიერ დღეს სახელოვან იტალიურ კლუბში გამოჩნდება არავინ დაძრახავს. ბრეშა გვარდიოლას ფინანსურად ნამდვილად ვერ შეწვდება, მილანის “ინტერი” კი დიდი ხანია ოცნებობს პეპზე. ჯერ კიდევ სერჯიო კრანიოტი 2012 წელს სთავაზობდა წლიურ 20 მილიონ ევროს.

მეორე ვარიანტი „ნაპოლია“ – მიმდინარე სეზონში მაურიციო სარის გუნდის მიმართ პეპზე მეტი კომპლიმენტი არავის გაუმეტებია.

ნეაპოლში სწამთ, რომ გვარდიოლა მეორე ადამიანი გახდება, პოპულარობით წმინდა იანუარიუსს რომ დაჩრდილავს. პირველად ეს 30 წლის წინ დიეგო მარადონამ მოახერხა.
არც „რომა“ იტყოდა უარს გვარდიოლაზე – ერთი ხანობა ფრანკო ბალდინი ბევრს ეპატიჟა, მაგრამ ბოლოს ლუის ენრიკე იკმარა.

„იუვე“? თითქოს სულ სხვა საფეხბურთო ფილოსოფიის გუნდია, მაგრამ ტურინში კარგად ესმით, რომ გვარდიოლას სახით კალჩოში რევოლუცია მოვა. თანამედროვე კალჩო სულაც არაა იტალიელთა პირმშო. ფაბიო კაპელო საკუთარ მასწავლებლებად არგენტინელ ელინიო ერერას და შვედ ნილს ლიდჰოლმს თვლის: „ერერამ დაცვა გვასწავლა, ლიდჰოლმმა კი კოლექტიური ართმევა და ზონური თამაში. პეპ გვარდიოლას შეუძლია იტალიურ ფეხბურთს ბურთთან ურთიერთობის კულტურა დაუბრუნოს“.

კიდევ ერთი ლეგენდის, არიგო საკის სიტყვებით დავასრულოთ: „გვარდიოლა გენიოსია, ფენომენი, მასწავლებელი. მას მხოლოდ მოგება არ აკმაყოფილებს და მუდამ უკეთესის ძიებაშია. პეპი ნომერ პირველია მსოფლიოში“.
მომავალ შეხვედრამდე იტალიაში?

წილი
წინა სტატიაგამარჯვებულები სტადიონიდან მიდიან
შემდეგი სტატიაგოლთაცვენის მოლოდინი
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".