დღეს დიდი მატჩია. მიუნხენის „ალიანც არენა“ ჩემპიონთა ლიგის „ბაიერნი“- „რეალის“ ნახევარფინალის პირველ შეხვედრას უმასპინძლებს.

მიუნხენელთა დამრიგებელ იუპ ჰაინკესს ზუსტად 20 წლის წინ „რეალთან“ ერთად აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, თუმცა მაშინ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი არ აპატიეს და გუნდიდან გაუშვეს. ჰაინკესმა ლიგა ხუთი წლის წინ „ბაიერნთან“ ერთადაც მოიგო და უარს არ იქნება, კარიერის მიწურულს მესამედაც აღმართოს „დიდყურა ვერცხლის თასი“.
ბავარიელებს საამისოდ თითქოს ყველა წინაპირობა აქვთ, მაგრამ როგორ გინდა, „რეალთან“ მოგება დაგეგმო? აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 24-ჯერ შეხვედრიან, 11-11 მოგება აქვთ და 2 ფრე. „რეალი“ ბურთებით 37:36 იგებს.
განსაკუთრებული იყო შარშანდელი მეოთხედფინალები. ორივე გუნდმა სტუმრად 2:1 მოიგო, დამატებით დროში კი რონალდუმ დუბლი გაიფორმა. ექვსი გოლიდან ხუთჯერ მანუელ ნოიერმა ბურთი კარიდან რონალდუს დარტყმის შემდეგ გამოიტანა ბადიდან.

ნოიერი ტრავმის შემდეგ ახლაღა შეუდგა ვარჯიშებს, მაგრამ კარს ალბათ, არ ანდობენ. აი, რონალდუ კი ფორმაშია.
პროგნოზი? ფინალში ის გავა, ვინც სტუმრად მეტს გაიტანს, თორემ კარის მშრალად შენახვაზე ფიქრი, როცა მოედანზე ორი გიჟურად შემტევი გუნდი გადის, წმინდა წყლის უტოპიაა. ერთიც: „ალიანც არენას“ ამ სეზონში საკუთარი ჯილების მარცხი არ უნახავს და ბუკმეკერები გერმანელთა გამარჯვებისკენ იხრებიან.

ზინედინ ზიდანი, რეალის მწვრთნელი: ემოციურად და ფიზიკურად კარგად ვართ მზად. გვიყვარს ამგვარი სერიოზული თამაშები, რაც მეტ კონცენტრაციას და მოტივაციას გვძენს. მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ მოედანზე მუხლების კანკალით არ გავალთ.

იუპ ჰაინკესი, ბაიერნის მწვრთნელი: ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს. რეალმა ბოლო ორი ლიგა მოიგო, მაგრამ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ. კრიშტიანუ უნიკალურ სეზონს კი არა, უნიკალურ კარიერას ატარებს და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ ჩვენ 39 გოლის გამტანი ლევანდოვსკი გვყავს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბავარია: ულრაიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ხავი მარტინესი, კიმინხი, რიბერი, ალკანტარა, ხამესი, მიულერი, ლევანდოვსკი

რეალი: ნავასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ბენზემა, რონალდუ