რომას მწვრთნელმა მო სალაჰის თამაში კარგად იცის

დღეს ლივერპული-რომაა, ლივერპულის „ენფილდ როუდზე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი.

არც ერთი ამ გუნდთაგანი მეოთხედფინალურ ეტაპზე ფავორიტად არ ითვლებოდა, მაგრამ ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ „ლივერპულმა“ ან „რომამ“ ნახევარფინალი არ დაიმსახურეს. „სიტის“ და „ბარსელონას“ ბრმა გამართლების წყალობით ნამდვილად ვერ დაამარცხებ.

დღევანდელმა მეტოქეებმა წინა ეტაპზე შედეგიანობით მოაჯადოვეს ქომაგები, მაგრამ დღეს თავქუდმოგლეჯილი შეტევების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ჯერ ერთი, პირველი მატჩია და ზურგს არავინ მოაშიშვლებს. მეორეც: „ლივერპულის“ შემტევი პოტენციალი მეტოქისას აშკარად აღემატება. სამაგიეროდ, რომაელ “მგლებს” უფრო გამოცდილი და დაბალანსებული ნახევარდაცვის ხაზი ჰყავთ. სავარაუდოდ, მთავარი ჯაჯგურიც ორ საჯარიმოს შორის დიაპაზონში ჩაეტევა.

არ დაგვავიწყდეს, ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლივერპულელები ჯერ არ დამარცხებულან. ხოლო 2001 წლის აქეთ რომაელებთან სამ ევროდაპირისპირებაში ერთი მოგება, ერთი ფრე და ერთიც წაგება აქვთ.

საფეხბურთო ექსპერტები „ლივერპულის“ გამარჯვებას კი ვარაუდობენ, მაგრამ არა ისეთი ანგარიშით, რომში საპასუხო ბურთაობას აზრი რომ დაუკარგოს.

რომაელმა ედინ ჯეკომ ბარსელონას ორი გოლი გაუტანა

ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომას მწვრთნელი: არ მჭირდება ინფორმაციის შეგროვება მეტოქის ლიდერზე. ისედაც კარგად ვიცი ეგვიპტელის ძლიერი მხარეები. „ლივერპულის“ თამაშის ანალიზისას დიდი დრო სალაჰზე დაკვირვებასაც დავუთმე. მომწონს მისი შრომისმოყვარეობა და გამარჯვებისკენ დაუოკებელი სწრაფვა.

იურგენ კლოპი, ლივერპულის მწვრთნელი: სულაც არ მიფიქრია, რომ კენჭისყრისას გაგვიმართლა. შანსი ნებისმიერ მეტოქესთან გვექნებოდა და თუ ვინმე „რომას“ სათანადოდ არ აფასებს, მას არ უნახავს რომაელთა მატჩები „ბარსელონასთან“. „რომა“ არც იმ 1:4-ს იმსახურებდა, მაგრამ მოედანზე გენიალური მესი იყო. ეგ არის და ეგ.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული: კარიუსი, არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი,  რობერტსონი, ჩემბერლენი, ჰენდერსონი, მილნერი, მანე, ფირმინო, სალაჰი

რომა: ალისონი, ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი, სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი, იუნდერი, პეროტი, ჯეკო

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

წილი
წინა სტატიაკრიშტიანუზე მთავარი რამოსია
შემდეგი სტატიაკურტუა ნაკრების გამყიდველია
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".