მოჰამედ სალაჰის ბრწყინვალე თამაში დაფასდა — ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეგვიპტელი წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. 25 წლის თავდამსხმელი მეშვიდე ლივერპულელია, რომელიც კოლეგებმა საუკეთესოდ ცნეს. სალაჰამდე ეს პატივი 2014 წელს ლუის სუარესს ხვდა, რომელიც ახლა „ბარსელონაში” გამოდის.  გამოკითხვაში სალაჰმა „მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ჩამოიტოვა.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო დე ბრუინის თანაგუნდელმა 22 წლის ლეროი სანემ მიიღო.

პრემიერლიგაში სეზონი ჯერ არ დამთავრებულა, სალაჰს კი უკვე 31 გოლი აქვს გატანილი (ყველა შეჯიბრებაში ერთად — 41) და „ოქროს ბუცის” მოგების რეალური კანდიდატია. ცნობისათვის: მიმდინარე სეზონი ახალ გუნდში მისთვის პირველია. ასევე, დიდი შანსია ეგვიპტელი ფორვარდი „ფეხბურთზე მწერალთა ასოციაციის” ვერსიითაც გახდეს წლის საუკეთესო, მაგრამ სეზონის დაუმთავრებელ საქმეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაკვირველია ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაა, სადაც „ლივერპული” ხვალ „რომას” უნდა შეხვდეს.

„დიდი პატივი მხვდა წილად. შრომა დამიფასდა და ამით ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით საპატიოა, რომ საუკეთესოდ ჩემმა კოლეგებმა, ფეხბურთელებმა დამასახელეს. მე გავხდი პირველი ეგვიპტელი ვინც ეს ჯილდო მოიპოვა და იმედს გამოვთქვამ, რომ უკანასკნელიც არ ვარ.

რამდენიმე წლის წინ პრემიერლიგა დავტოვე, მაგრამ სულ აქ დაბრუნებასა და წარმატებაზე ვოცნებობდი. „ჩელსიში” შანსი არ მომეცა, არადა ზუსტად ვიცოდი, რომ წარმატების მოპოვება ინგლისში მინდოდა. ვფიქრობ, სხვა ადამიანად და სხვა ფეხბურთელად დავბრუნდი”, — თქვა გამარჯვებულმა.

სალაჰს მოახლოებულ ნახევარფინალზეც ჰკითხეს. მან უპასუხა: „ლივერპულთან” თამაში ყველასთვის რთულია, რადგან „ენფილდზე” განსაკუთრებული გარემოა. განსაკუთრებულია ისიც, რომ „რომასთან” გვიწევს შეხვედრა. ამ კლუბში ჯერაც ბევრი მეგობარი მყავს, რომლებთანაც კავშირს ვინარჩუნებ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ნახევარფინალზე ერთიანად კი არა, კონკრეტულ მატჩებზე ვიზრუნებთ და ყველა ღონეს ვიხმართ ჩემპიონთა ლიგა რომ მოვიგოთ.

„ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა კი თავის წინასწარ გამზადებულ  მიმართვაში ასე თქვა: „ფეხბურთში ინდივიდუალური ჯილდოს მოგება მართლაც იშვიათობაა, რადგან ის გუნდური სახეობაა. მაგრამ გუნდი პიროვნებებისგან, ხასიათებისგან, მოთამაშეებისგან შედგება და მე ვამაყობ, რომ ამ სეზონში შენი მწვრთნელი ვაყავი.

„ლივერპულის” სახელით ერთხელაც გილოცავ წარმატებას, დიდებული წელიწადი გქონდა, მაგრამ ისიც კარგად იცი, რომ ჯერ კიდევ გაქვს გარკვეული მანძილი დარჩენილი. ასე რომ მოჰკიდე შენს ჯილდოს ხელი და დაბრუნდი. სამშაბათს თამაში გვაქვს!”