ეროვნული ჩემპიონატის მორიგმა ტურმა ლიდერებს ძვრა ვერ უყო. პირველადგილოსანმა “საბურთალომ” ცენტრალურ დაპირისპირებად მიჩნეულ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოს” არცთუ მთლად უპრობლემოდ, მაგრამ ისე კი მოუგო, რომ თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით არც შანსი მიუცია. ლიდერთან სხვაობა შეინარჩუნა “დინამომ”, რომელმაც ბოლნისელი მიქაბერიძის ზუსტ გასროლას რუხაიას და ნინუას გოლებით უპასუხა. მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “ჩიხურამ”, რომელიც “სამტრედიასთან” დერბიში ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ მეტოქის დაცვას ვერარა დააკლო და უგოლოდ გაეყარა. საჩხერელებს ცხრილის მესამე საფეხური გორის “დილასა” და “რუსთავს” შორის მატჩის ბოლო წუთამდე დაკარგული ჰქონდათ. შიდაქართლურ გარჩევაში გორელები ბოლო წუთზე ორი ბურთით იგებდნენ. ნაადრევად ნარწმუნებმა გამარჯვებამ ცუდი საქმე ქნა: ჯერ მაქაცარიამ გაქვითა ერთი ბურთი, მერე კი – სულ ბოლო წამს, რუსთაველთა კიპერმა ნუკრი რევიშვილმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ზუსტი თავურით მიუჩინა ადგილი გორელი კოლეგის კარში. გოლი და საფინალო სასტვენი ერთი იყო. საქმე და ხასიათი გამოიკეთა აქამდე ბოლოადგილოსანმა “კოლხეთმა”. ფოთელებმა “ლოკომოტივის” 3:1 ძლევით ერთბაშად ორი ადგილი მოიგეს სატურნირო ცხრილში, არადა, შეხვედრა სტუმარი შონიას გოლით დაიწყო.

შედეგიანობით გასული ტური ურიგო არ გამოდგა და საშუალოდ, ყოველ შეხვედრაში ორნახევარ გოლზე მეტი გავიდა. როგორც ჩანს, რეალურად ფორმის პიკზე გუნდები მხოლოდ ახლა გადიან. დაველოდოთ.

ეროვნული ჩემპიონატი. VII ტური. კოლხეთი 3:1 ლოკომოტივი; სიონი 1:2 დინამო; დილა 2:2 რუსთავი; ჩიხურა 0:0 სამტრედია; საბურთალო 2:0 ტორპედო.

სატურნირო ცხრილი

საბურთალო  7   6   0   1   15-4   18

დინამო         7   5   0   2   14-7   15

ჩიხურა         7   3   3   1   11-5   12

დილა           7   3   3   1   12-9   12

რუსთავი       7   3   1   3   8-7     10

ტორპედო      7   3   1   3   8-8     10

სიონი           7   2   1   4   7-11    7

კოლხეთი      7   2   1   4   7-16    7

სამტრედია    7   1   2   4   3-8      5

ლოკომოტივი 7   1   1   5   7-17    4

წილი
წინა სტატიაშამპანურივით ჰოკეი
შემდეგი სტატიასალაჰი, ინგლისის საუკეთესო!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".