ბოლოსწინა ტურში სამხრეთ აფრიკელთაგან განცდილი – რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე დასანანი – მარცხის შემდეგ მეორე დივიზიონში აღზევებასთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა კითხვას ქართველმა ჰოკეისტებმა დამაჯერებელი პასუხები ტაივანთან გადამწყვეტი მატჩის პირველსავე მესამედში გასცეს, როცა მეტოქის ერთი შაიბის წილ ერთბაშად ხუთი გოლი გაიტანეს.
ქართველთა მთავარმექულე ალექსანდრ ჟუჟუნაშვილმა, რომლის ანგარიშზეც ამ მატჩამდე 6 გოლი და 8 საგოლე პასი იყო, მეტოქის კარი უკვე მე-17 წამზე (!) დალაშქრა. საწყის ოცწუთეულში როლანდ სვანიძის შეგირდებიდან თავი ასევე არტიომ კურბატოვმა (თავისი საფირმო შორეული დარტყმით), სემიონ ხარიზოვმა (12), ივან შვეცოვმა (16) და ალექსანდრ ვასილჩენკომ (20) გამოიჩინეს.
მეტოქის რბევა მეორე მესამედში მიხაილ შალუნოვის (23), ჟუჟუნაშვილისა (23) და ხარიზოვის (23) გოლებით გაგრძელდა (საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა თავისი მეორე გოლი ჟუჟუნაშვილის გოლიდან შვიდ წამში შეაგდო!), ხოლო მესამეში ხარიზოვმა ჰეთთრიქი შეასრულა (49), ჟუჟუნაშვილმა კი კიდევ ორჯერ (52, 60) შეარხია მეტოქის კარის ბადე, ამასთან, ბოლოჯერ – ძირითადი დროის ამოწურვამდე 4 წამით ადრე! მის ამ ბოლო ორ გოლს შორის ტაივანელებმა ერთი შაიბის გაქვითვა მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ ჟუჟუნაშვილმა ჯამში 10 გოლსა და 9 საგოლე პასს მოუყარა თავი და როგორც მექულეთა, ასევე მეგოლეთა რბოლა პირველ ადგილზე დაასრულა. მეორეზე ორივეგან ოლივერ ობოლგოგიანია, რომლის ანგარიშზეც 8 გოლი და 6 საგოლე პასია. ალექსანდრ ვასილჩენკომ ტურნირის მსვლელობისას 5 გოლი გაიტანა და 7-ჯერ სხვებს გაატანინა. ამას რომ ვწერთ, ჯერ კიდევ გასამართია ბულგარეთისა და თურქეთის მატჩი, მაგრამ, არა გვგონია, ჩვენების უშუალო მდევარმა ბულგარელმა ივან ჰოდულოვმა, რომლის აქტივშიც 5 გოლი ირიცხება, ამ შეხვედრაში ან ჟუჟუნაშვილის, ან ობოლგოგიანის შედეგების გაუმჯობესება შეძლოს.
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ დაწყებული ტურნირი ბრწყინვალევე გამარჯვებით დააგვირგვინა და დამსახურებულად მოიპოვა უფლება, გაისად ერთი საფეხურით მაღლა, მსოფლიო ჩემპიონატის II B დივიზიონში, შედარებით მაღალი კლასის მეტოქეებს – ახალი ზელანდიის, ისრაელის, ჩრდილო კორეისა და მექსიკის – ნაკრებებს ეპაექროს. ჩვენი მომავალი მეხუთე მეტოქის ვინაობას მომავალ კვირაში შევიტყობთ, როცა ჰოლანდიის, ავსტრალიის, სერბეთის, ბელგიის, ისლანდიისა და ჩინეთის ნაკრებები II A დივიზიონში უძლიერესსა და უსუსტესს გამოარკვევენ.

შეგახსენებთ, რომ II B დივიზიონში გასულ კვირაში გამართული მატჩების შედეგად პირველობა ესპანეთმა მოიპოვა და გაისად სწორედ II A დივიზიონში იასპარეზებს, ხოლო ლუქსემბურგის ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა და, შესაბამისად, მომავალ წელს III დივიზიონში ჩვენს ადგილს დაიკავებს.
ახლა მთავარია, ქომაგებმაც და მათაც, ვისაც ეს საქმე თანამდებობრივად ევალება, ქართული ჰოკეის არსებობა ერთი წლით არ დავივიწყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ საიმისოდ, რათა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა გაისად, სულ მცირე, ზედა ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლოს.
ჰოკეი შამპანურივითაა, ბატონებო – ორივეს ყინული სჭირდება!

წილი
წინა სტატიაპრივატ-დოცენტი
შემდეგი სტატიაარაკოლეგიალური თავური
ლევან კელაურაძე
დიონისესთან ხელგადახვეული ლევან კელაურაძე თუ არ გინახავთ, დიდ მოვლენებს თქვენს გვერდით შეუმჩნევლად ჩაუვლია. შუმერებთან და კარდუხებთან გაბაასებული ლევანი ბნელი გარეუბნებიდან გამოსული ოთხოსნებისთვის ნამდვილი განმანათლებელი და უბრალოდ კარგი მეგობარია.