ეს კაცი ჰგავს სორბონელ ფილოლოგიის პროფესორს, რომელსაც ცოლი გაექცა. ეს კაცი ჰგავს 60-იანი წლების ინტელექტუალს, ოდესღაც პარიზელ სტუდენტებს რომ უჭერდა მხარს.

აბა, ეს კაცი მწვრთნელს ჰგავს?

მწვრთნელს ჰგვანან: ტრაპატონი, კაპელო, იგლესიასი, პარეირა, ვენეიბლზი, რეჰაგელი და სხვები. ჰგვანან და არიან კიდეც. ნახეთ, რა ჯანიანი და ზორბა კაცები ჩამოთვალე?

არსენ ვენგერი კი, ამათ კომპანიაში მართლა არ ჰგავს მწვრთნელს. არ ჰგავს და პრინციპში, არც არის.

იმგვარი სახელი, მას რომ დაუგდია, სულაც არ შეესაბამება მის მიღწევებს. „მონაკოს“ ჩემპიონობა, თასთა თასის ფინალის წაგება ბეხრეკ „ვერდერთან“ (ეს უკანასკნელი გამორჩეულ წარმატებათა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ!), მსოფლიოსთვის ჯორჯ ვეას ჩუქება და თავის დროზე გლენ ჰოდლის ფრთების გაშლაო. აი, ვენგერის მიღწევები.

ყველაფერი კი ინგლისელების ბრალია. წავიდა ვენგერი ჯეი ლიგაში, უბადლო საპენსიო ადგილას, რათა რომელიმე „კაშიმა“, ან „გრამპუსი“ აღეზევებინა. მაგრამ ვინ გააჩერა? ადგნენ და კუნძულიდან კუნძულზე გამოაფრინეს და „არსენალის“ სათავეში დასვეს.

ეჰ, „ჰაიბერი“ ერთი განახათ, რა ადგილია. რარიგ სუნთქავს იმით, რასაც ინგლისური ფეხბურთი ჰქვია. და „ჰაიბერიზე“ არსენი, არსენი და მისი მეთოფენი. თუმცა, მეთოფეთაგან ვინღა დარჩა? პატივი და ღირსება გაჰყიდეს, საპრველდივიზიონოდ გასწირეს. ვინც დარჩა, იმათ, ჩვენი არსენასი არ იყოს, ამანაც თოფები მიწით დაუტენა.

ძველი მეთოფენი: ტონი ადამსი (1966), სტივ ბოულდი (1962), მარტინ კიოუნი (1966), ლი დიქსონი (1964) დაცვაშიღა დარჩნენ და არეულად იხევენ უკან. თოფებიც დაუყრიათ და ისე გარბიან. ეჰ, სადღაა ის ძველი და გაუვალი მეთოფეთა მწკრივი? ადამსი – ლინიგანი – უინტერბერნი – ბოული. იან რაიტმა კი (1963) ბოლოს როდის გაიტანა პრემიერლიგული გოლი, ჩვენ აღარ გვახსოვს, და თქვენ თუ გახსოვთ, მოიწერეთ.

ეჰ, „ჰაიბერივ“. ბერძნებსაც კი აქ უნდათ ფხის გამოჩენა.

ვენგერს კი დაუკოსებია ცხვირზე სათვალე და ფილოსოფოსობს, როგორ გეკადრებათ, მე მამათმავალი არა ვარო. არ არის და ნუ არის. რას ერჩის ჰაიბერულ ზარბაზნებს?

მთელი ინგლისის გუნდებს შორის სულ ორია, საერთო-საქვეყნოდ ქომაგობით განებივრული და ერთ-ერთი ამათგანი „არსენალია“. და ამ ქომაგებს „ჰაიბერის“ გადასახდელის „ფორტოჩკიდან“ აგინებს იან რაიტი, რა თქვენი საქმეა, რატომ წავაგეთ, თქვენი საქმე შტვენა და ღრიანცელია, რათა ჩვენ აღგვანთოთო. ამასაც მოესწრო ძველი გრაუნდი!

მეტი არ არის ჩვენი მტერი, მეთოფენი რამემ აანთოს. მათი ფინდიხი სულ სველია. მთავარია აენთოს დენის ბერხკამპი, მაშინ თოფიც გავარდება. არა და, მოუწევს რაიტს ფანების გინება, ან მოწინააღმდეგის დაწიხლვა.

არსენი კი ზის და თავისი ფილოლოგიური იერით უმზერს ყველაფერს. ნაღდად ჩვენი არსენასავით იქცევა: მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა. ეგებ იფიქროთ, ინგლისთან შეგუება გაუჭირდა და მეთოფურ ამბავს ვერ მოერგოო, მაგრამ სადაა ინგლისელი? ის უკბილო, ბებერი და ნალოთარი მეთოფეები რომ გამოვაკლოთ, ინგლისელი და მეთოფე იქ აღარავინაა.

რუმი გარდე, ჟილ გრიმანდი, ემანუელ პეტი, ნიკოლას ანელკა. ვეღარ გაიგებ, „ჰაიბერია“ თუ მონტე-კარლო. აქვე არიან ჩვენი კარგი ჰოლანდიელებიც და ვიღაც უცნობი ტიპებიც. ავსტრიელი ალექსანდრ მენინგერი, ისევ ჰოლანდიელი გლენ ჰელდერი, გერმანელი, თუ ესპანელი ალბერტო მენდესროდრიგესი…

ჩვენი არსენა კი საერთოდაც ავსტრალიური ადათის მიმდევარი ჰოფილა. ავსტრალიაში კლუბები ეროვნულ ნიშანს აწვებიან, გუნდები სათვისტომოების მიხედვითაა შედგენილი. ეს ბერძნებიო, ესეც ხორვატებიო, ესეც კიდევ სქოთებიო. ვენგერსაც ასეთი რამ მოუფიქრებია. „არსენალში“, ალბათ მალე, ათი ფრანგი და ერთი ბერხკამპი ეყოლებათ.

თუმცა, აქ გადაჭარბება გამოგვდის. ერთ ბიჭზე არსენი უარს ვერ იტყვის. ამ ბიჭის სახელია ლუიშ ბუა მორტე, ის პორტუგალიელია.

ვენგერს უყვარს ჭკვიანური ლაპარაკი და მსჯელობა. როგორც ინტელექტუალს (ასე იცნობენ) ხშირად მიმართავენ ხოლმე სხვადასხვა მარადიული პრობლემის გამო აზრის გამოსათქმელად.

ამასწინათაც ჰკითხეს, თქვენის აზრით, ვინ იქნება ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის სამი წამყვანი მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთშიო.

ჰოდა, არსენამაც ჩვეული სიბრძნით უპასუხა: ესენი იქნებიან ლუიშ ბუა მორტე, ნიკოლას ანელკა და პატრიკ ვიეირაო. ამათ მომავალს უკვე ვხედავო.

ესე იგი, მსოფლიო ფეხბურთი ამ სამი აწოწილი, შავი ბიჭის იმედად ყოფილა. „არსენალი“ კი მთლად გაბედნიერებულა, რადგან სამივე ამ გუნდში თამაშობს.

ესეც თქვენი გულნატკენი პროფესორი.

მეთოფენი კი ეგრეც ვერ ახერხებენ იმას, რომ საკუთარ ფანებს არ აგინონ.

ეგრეა, როცა კაცი არ გავს მწვრთნელს და გავს… არა, პროფესორობას დამსახურება უნდა. გავს პრივატ-დოცენტს.

07.02.1998

 

წილი
წინა სტატიაფანტაზია 64 უჯრაზე…
შემდეგი სტატიაშამპანურივით ჰოკეი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.