„ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. „კატალონიის სიამაყემ” ფინალში 5:0 დაამარცხა „სევილია” — გუნდი, რომელიც მის მსგავსად სულ ახლახანს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამოდიოდა. სევილიელებს „ბარსასთან” შანსი არ ჰქონდათ. „ბლაუგრანას” უპირატესობა მეტისმეტად დიდი იყო.

პირველ ტაიმში გოლები გაიტანეს ლუის სუარესმა (13,40 წთ) და ლეო მესიმ (31-ე წთ); შესვენების შემდეგ მეტოქის რბევა დიდებულმა ანდრეს ინიესტამ (52-ე წთ) და ფილიპე კოუტინიუმ (69-ე წთ. პენალტით) დაასრულეს.

33 წლის ინიესტასთვის ეს გახლდათ „ბარსას” მაისურით მოგებული 31-ე ტიტული. ლამანჩელი მონაგარს სავარაუდოდ კიდევ ერთ ჯილდოს, ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს დაამატებს და გუნდიდან წავა. ინიესტას ჩინეთში ეპატიჟებიან, სადაც ის წელიწადში 37 მილიონ ევროს მიიღებს, ითამაშებს მხოლოდ საშინაო შეხვედრებში და კლუბი მის ვენახებში დაწურული ღვინის ჩინეთში დიდი რაოდენობით გაყიდვაში დაეხმარება.

88-ე წუთზე, როდესაც ანდრეს ინიესტა დენის სუარესით შეცვალეს, მას მთელი მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანო” წამოუდგა ფეხბზე და ოვაციით გააცილა.