საქართველოს ჰოკეის ნაკრებს უკვე დღესვე შეეძლო მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონში აღზევებულიყო, მაგრამ როლანდ სვანიძის გუნდმა, რომელმაც ტურნირის პირველი სამი შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგო, მოულოდნელად 2:4 დათმო თამაშების მასპინძელ და ერთ-ერთ აუტსაიდერ სამხრეთ აფრიკასთან, და ახლა საიმისოდ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს, კვირას აუცილებლად უნდა სძლიოს ტაივანს.

ქართველმა ჰოკეისტებმა მეტოქის 29 დარტყმის წილ 52-ჯერ სცადეს აფრიკელთა კარის დალაშქვრა, მაგრამ ხან სიზუსტე აკლდა ამ დარტყმებს, ხან ძალა, ხანაც მასპინძელთა მეკარე შარლ პრეტორიუსი იდგა მოწოდების სიმაღლეზე. სამხრეთ აფრიკამ, რომელიც დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ტურნირზე თავისი საუკეთესო მატჩი ითამაშა და დამსახურებულად მიითვალა პირველი სამი ქულა.

ამ მარცხის მიუხედავად საქართველოს ნაკრები ცხრა ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე რჩება, ვინაიდან უშუალო კონკურენტებიდან ორივე – ბულგარეთიცა და თურქეთიც, რომელთაც ასევე 9-9 ქულა აქვთ – დამარცხებული ჰყავს. რეგლამენტის თანახმად კი, გუნდების მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გადამწყვეტი ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგებია.

კვირას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტაივანს ვხვდებით და იქ შეცდომების დაშვების უფლება უკვე აღარ გვექნება. ბოლო ტური სწორედ ჩვენი თამაშით იწყება – 15.00-ზე. შემდეგ ბულგარეთი თურქეთს დაუპირისპირდება, ხოლო სამხრეთ აფრიკა – ჰონკონგს.

წილი
წინა სტატიამოხუცი
შემდეგი სტატიავენგერი, ვენგერი, ვენგერი და… შემცვლელი?
ლევან კელაურაძე
დიონისესთან ხელგადახვეული ლევან კელაურაძე თუ არ გინახავთ, დიდ მოვლენებს თქვენს გვერდით შეუმჩნევლად ჩაუვლია. შუმერებთან და კარდუხებთან გაბაასებული ლევანი ბნელი გარეუბნებიდან გამოსული ოთხოსნებისთვის ნამდვილი განმანათლებელი და უბრალოდ კარგი მეგობარია.