„საუთჰემპტონის” ნორვეგიელი ვარსკვლავი კლაუს ლუნდეკვამი, რომელიც დღეს 45 წლისაა, თავის რთულ ცხოვრებას ფარდას ხდის და ამბობს, რომ ლოთობისა და ნარკომანობის გამო ორჯერ თვითმკვლელობაც სცადა.

საუთჰემპტონში ლუნდეკვამი გულშემატკივართა გმირია, ლეგენდათა სიმბოლურ ნაკრებში მყარად უკავია დამსახურებული ადგილი. არადა, მცველს ეს პატივი თურმე დემონებთან ბრძოლის პარალელურად რგებია.

ვეტერანმა თავისი ისტორია The Telegraph-ს უამბო: „თვითმკვლელობასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ორჯერ ვცადე ჩემი ხელით დამესრულებინა სიცოცხლე. დიდ ტკივილთან ერთად ვცხოვრობდი. მრცხვენოდა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ვხვდებოდი, რომ ახლობლებს ვღალატობდი. ჩემს ცხოვრებას, მის ყოველ წუთს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება მიკონტროლებდა. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი დალევა და კოკაინი იყო. ერთადერთი, რაც მაინტერესებდა — მქონდა თუ არა საკმარისი სასმელი და ნარკოტიკი, ის დღე რომ გადამეგორებინა.

გულის შეტევაც მქონია, დოზის გადაჭარბებაც. ისე შორს შევტოპე, რომ დავნებდი. ცხოვრება აღარ შემეძლო. მეგონა, ჩემი ოჯახისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მოვკვდებოდი. ამ ყველაფრისთვის თავის დანებება კი ნამდვილი ჯოჯოხეთში მოგზაურობა იყო, მაგრამ დღეს აქ ვდგევარ და ბედნიერი ვარ. მე ცოცხალი ვარ”.

ლუნდეკვამი უკვე ოთხი წელიწადია რაც დამოკიდებულებისგან თავისუფალია და ახლა სხვებს ეხმარება.

„დილაობით ოფლში გაწურული, კანკალით ვიღვიძებდი. ცხოვრება რომ დამეწყო ერთი დიდი ჭიქა არაყი უნდა გადამეკრა. ყოველდღიურად ერთ ან ორ ბოთლს ვსვამდი. შემდეგ კოკაინი აღმოვაჩინე და ერთიხანობა მეგონა, რომ 50 ათასი მაყურებლის წინაშე თამაშის ძალას ის მომცემდა. თურმე ვცდებოდი. კოკაინი ძილს გირღვევს. რაც კოკაინს მივეჩვიე, ღამე რომ დამეძინა უამრავ დამაწყნარებელს ვსვამდი”.

კლაუს ლუნდეკვამმა, 12 წლის განმავლობაში, „საუთჰემპტონის” შემადგენლობაში 413 შეხვედრა ჩაატარა. 2003 წელს მასთან ერთად „წმინდანები” ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში გავიდნენ, სადაც „არსენალთან” 1:0 წააგეს.

მცველმა ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში 40 თამაში ჩაატარა, 2008 წელს კი ფეხბურთის თამაშს თავი დაანება.