იურგენ კლოპს „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრის წინ თავისი ფეხბურთელებისთვის უთქვამს, დღეს ყველას შეგვიძლია სავარჯიშოდ შიშველები გავიდეთო. კლოპი შესანიშნავ განწყობაზე ყოფილა. ჯერ ერთი პირველ თამაშში 3:0 ჰქონდა მოგებული და მეორეც მოჰამედ სალაჰი ჰყავდა შესანიშნავ ფორმაში.

შიშვლად ვარჯიში რა შუაშიაო, იკითხავთ თქვენ. გიპასუხებთ: კლოპმა ასე იხუმრა. ამით გერმანელ მწვრთნელს თავისი მოთამაშეებისთვის იმის თქმა უნდოდა — მაინც ყველა სალაჰს მისჩერებია და დანარჩენებმა თუ გინდა შიშველებმა ივარჯიშეთ, ვერავინ შეამჩნევსო.

კლოპი: „გუნდში შესანიშნავი სამეგობრო გვყავს. მო კი ყველაფრის გული და სულია, ყველა მის გარშემო იყრის თავს. „მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრის წინ ბიჭებს ვუთხარი, მოდი, სავარჯიშოდ შიშველებით გავიდეთ, მაინც ყველა სალაჰს უყურებს და ჩვენს სიშიშვლეს ვერავინ შეგვამჩნევს, მეთქი. ახლა რომში უნდა წავიდეთ. არა მგონია აჟიოტაჟი ნაკლები იყოს, მაგრამ ეგ არაფერი.

ბიჭებს გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო აქვთ. საერთოდ, ყველა წარმატებულ გუნდში კარგი ატმოსფეროა. ზოგან შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ სამეგობრო არ არის”.

მოგეხსენებათ, მო სალაჰი ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. Sky Sport-თან ინტერვიუში ეგვიპტელმა თქვა, რომ მიმდინარე სეზონში მისი ერთ-ერთი მთავარი სტიმული იმის დამტკიცება იყო, რომ 2015 წელს „ჩელსიმ” ამაოდ გაუშვა; ფრიად შეცდა, რომ ვერ დააფასა.

„პირველივე დღიდან მინდოდა რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა. მე პრემიერლიგაში „ჩელსის” შემადგენლობაში ვიყავი, მაგრამ მათ შანსი არ მომცეს. და აი, მე დავბრუნდი. ახლა მინდა ყველას ვაჩვენო ჩემი ფეხბურთი”, — თქვა სალაჰმა.