იყო დრო, როცა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ჰონკონგთან 0:12 (2014 წ.) და 3:11 (2015 წ. ) აგებდა, მაგრამ 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენ შორის ძალთა თანაფარდობა საგრძნობლად შეცვლილია და აგერ უკვე მესამე წელია, ამ გუნდს ათ შაიბაზე ნაკლები სხვაობით აღარ ვუგებთ – შარშანწინ და შარშან მათ ერთნაირი ანგარიშით – 14:3 – ვძლიეთ, დღეს კი 11:1 (5:1, 3:0, 3:0) ვაჯობეთ.

ქართველთაგან ყველაზე მეტი – 5 – შაიბა ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა (13, 13, 17, 17, 31) გაიტანა, აქედან რამდენიმე – ბრწყინვალე სოლო რეიდის შედეგად, 4 შაიბა ოლივერ ობოლგოგიანის (25, 35, 43, 47) ანგარიშზეა, თითო-თითოც ივან შვეცოვმა (11) და მიხაილ შალუნოვმა (51) მიითვალეს.

ამაყი ფოტო მორიგი გამარჯვების შემდეგ

მატჩის კომენტატორმა, სამხრეთ აფრიკის ქალთა ჰოკეის ნაკრების წევრმა, ხმამშვენიერმა ნეიდინ შეფილდმა, რომელსაც, სხვათა შორის, თავის ეროვნულში გუნდში ყველაზე მეტი შეხვედრა ჰქონია ჩატარებული, არა ერთხელ მოიბოდიშა, ქართველთა გვარების გამოთქმა მიჭირსო, მაგრამ ჟუჟუნაშვილისა და ობოლგოგიანის ხსენება იმდენჯერ მოუხდა, ბოლოს უკვე მშვენივრად გამოსდიოდა.

საქართველოს ნაკრების ამ და სხვა მოთამაშეთა გვარების სწორად გამოთქმაში ვარჯიში მას, იმედია, ხვალაც ინტენსიურად მოუწევს. როლანდ სვანიძის გუნდი მასპინძელთა ნაკრებს ერკინება და, თუ მანამდე ტაივანმა, რომელიც დღეს ბულგარელთაგან მოისრა 2:7, ქულები თურქეთთანაც  დაკარგა, ჩვენ სამხრეთ აფრიკასთან მოგებაც გვეყოფა საიმისოდ, რათა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონში აღვზევდეთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენსა და ტაივანს შორის ზეგ გასამართი მატჩი უბრალო ფორმალობად იქცევა.

შეგახსენებთ, რომ წინა – 2016-17 – წლებში აფრიკელებს ორჯერ დავუპირისპირდით და ორჯერვე მძიმე ბრძოლაში ერთნაირი ანგარიშით – 6:5 – მოვუგეთ. მათი და ჩვენი წლევანდელი თამაშის შემხედვარე, ჰაი-ჰაი, რომ უფრო დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინში ვართ!

საქართველოს ნაკრები ქომაგები – ცოტანი, მაგრამ მხურვალე გულით
წილი
წინა სტატიარომანს ეუსებიო უთხრეს
შემდეგი სტატიანანა: +1
დიონისესთან ხელგადახვეული ლევან კელაურაძე თუ არ გინახავთ, დიდ მოვლენებს თქვენს გვერდით შეუმჩნევლად ჩაუვლია. შუმერებთან და კარდუხებთან გაბაასებული ლევანი ბნელი გარეუბნებიდან გამოსული ოთხოსნებისთვის ნამდვილი განმანათლებელი და უბრალოდ კარგი მეგობარია.