ახალი სეზონიდან რომ „ჩელსის“ ახალი მწვრთნელი ჩაიბარებს, ძველი ამბავია. ლონდონური კლუბის რუს პატრონ რომან აბრამოვიჩს ხან ვის კანდიდატურას სთავაზობენ, ხან – ვის.
„არისტიკრატების“ სავარაუდო მწვრთნელებს შორის ყველაზე ხშირად სადღეისოდ უმუშევარ ესპანელ ლუის ენრიკეს, „იუვენტუსის“ თავკაც მასიმილიანო ალეგრის, „ნაპოლისა“ და „მონაკოს“ დამრიგებლებს – მაურიციო სარისა და ლეიონარდუ ჟარდიმის ასახელებენ.
აქა-იქ სხვა სახელებსაც მოჰკრავთ ყურს, თუმც ინგლისური პრესის ცნობით ამ ორ დღეში რუს ოლიგარქს მრჩეველებმა მომავალზე აქცენტის გაკეთებით ახალი თაობის მწვრთნელები შესთავაზეს – გერმანული „ჰოფენჰაიმის“ იულიან ნაგელსმანი და „ჰადერსფილდის“ დავიდ ვაგნერი, მოულოდნელად კი ამავე სიაში ამოტივტივდა რომაელი ტაქტიკოსის ეუსებიო დი ფრანჩესკოს სახელიც.
ცხადია, დი ფრანჩესკოსთვის „ბარსელონას“ სენსაციურ დამარცხებას უკველოდ არ ჩაუვლია და აგერ, მის თვალსაწიერზე „რომაზე“ გაცილებით დიდი კონტრაქტის კონტურები გამოჩნდა.
ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩელსი 60 ქულით ცხრილში მეხუთეა და „ტოტენჰემთან“ და ჩემპიონთა ლიგის საგზურის ზონასთან რვა ქულა აშორებს.
სწორედ ეს შედეგია რომ „ჩელსის“ უფროსობას გულზე მწარედ ხვდება და ახალი მწვრთნელის ძიებისკენ უბიძგებს.
არადა, ანტონიო კონტემ „ჩელსიში“ მუშაობის პირველივე სეზონი ჩემპიონობით აღნიშნა.