ჟოზე მოურინიუ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალს თავისი ფეხბურთელებისთვის ნიღბების ჩამოსახსნელად გამოიყენებს. არადა, მეტოქე „ტოტენჰემია”.

პორტუგალიელი კვირას, აუტსაიდერ „ვესტ ბრომვიჩთან” შინ 0:1 წაგებამ გააბრაზა. წაგება წაგებად და ამ სამარცხვინო შედეგმა თანაქალაქელი „სიტი” ჩემპიონი გახადა.

ხვალ „იუნაიტედი” პრემიერლიგაში სტუმრად თამაშობს „ბორნმუთთან”, თუმცა „განსაკუთრებულს” გონებაში, რასაკვირველია, მომავალი კვირის სათასო შეხვედრა უტრიალებს. „წითელი ეშმაკების” მწვრთნელმა თქვა:

სკოტ მაკტომეინის შანსები იზრდება

„ზოგიერთს, ვინც „ვესტ ბრომვიჩთან” იყო მოედანზე, „ტოტენჰემთან” არ ვათამაშებ. ყველას „ბორნმუთთან” შეხვედრაში დავაკვირდები და თუ ფეხბურთელი რომელსაც ვენდე, ამ ნდობას გაამართლებს, მაშინ ნახევარფინალშიც დავაყენებ.

იმას, რასაც ამ ორ შეხვედრაში ვაპირებ როტაცია არ ჰქვია. როტაცია იქნებოდა „ბორნმუთთან” რამდენიმე ფეხბურთელს რომ დაესვენა, აქ კი პირიქით მოხდება — ვინც „ბორმნუთთან” კარგად ითამაშებს „ტოტენჰემთანაც” ის გავა მოედანზე.

ფეხბურთელების შერჩევის ერთადერთი ხერხი ვიცი — მათი თამაშის შეფასება. აბა, სხვას რას მიბრძანებთ, შემადგენლობა სატრანსფერო ღირებულების, ხელფასის და ლამაზი გარეგნობის მიხედვით დავაყენო?

ხოლო რაც შეეხება სტაბილურობას, რომელზეც ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ… ის ასაკზე არ არის დამოკიდებული, ხასიათის ამბავია”.

სტაბილურობაზე კი ბოლო ხანს იმიტომ ლაპარაკობენ, რომ პოლ პოგბამ მანჩესტერულ დერბიში ორი გოლი გაიტანა და გუნდს 0:2 ჩამორჩენა შემოატრიალებინა, შემდეგ ტურში კი „ვესტ ბრომვიჩთან” უსახური გახლდათ და შესაცვლელი შეიქნა.

როგორც ჩანს პოგბას მოურინიუ „ბორნმუთთან” არ ათამაშებს. სამაგიეროდ, 21 წლის სკოტ მაკტომეინის შანსები იზრდება.