„სიტი“ პრემიერლიგის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გახდა ინგლისის ჩემპიონი. „ქალაქელთა“ მიღწევებს კიდევ მივუბრუნდებით, მანამ კი მათი დამრიგებლის შესახებ ვთქვათ.
არიან ადამიანები, რომლებიც ბედისწერის, ნიჭის თუ შრომისმოყვარეობის (ან სამივე ერთად) ხარჯზე მუდმივად გამარჯვებისთვის არიან დაბადებულნი. როგორც ჩანს, ხოსეპ გვარდიოლა ერთ-ერთი ამათგანია.
ან სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო, როცა საფეხბურთო კარიერა ესპანეთის ჩემპიონობით და ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლით დაიწყო. ჯამში ფეხბურთელმა გვარდიოლამ ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონობა, ორგზის სამეფო თასი, ოთხგზის სუპერთასი, ევროპის ჩემპიონთა თასი (ლიგის წინამორბედი), თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასიც მოინაგრა. მერე კი პეპ გვარდიოლა-მწვრთნელის თავბრუდამხვევი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო…
ბარსელონა 2008 – 09
„ბარსელონას“ მეორე გუნდიდან დაწინაურებულმა გვარდიოლამ პირველი რაც გააკეთა, გუნდიდან რონალდინიოს და დეკუს გაშვება იყო, სანაცვლოდ კი პიკე და დანი ალვეში დაიმატა. შედეგად, სეზონში „ბარსამ“ 105 გოლი გაიტანა და მაისში ჩემპიონობა იზეიმა, რასაც ჩემპიონთა ლიგის და სამეფო თასის მოგებაც დაუმატა. დებიუტიც ასეთი უნდა!
ბარსელონა 2009/10
ზაფხულში გვარდიოლამ ეტოო იბრაჰიმოვიჩში გაცვალა და ჩიგრინსკი იყიდა. ტრანსფერებმა აშკარად არ გაამართლა, მაგრამ 99 ქულით „ბარსა“ ისევ ჩემპიონი გახდა. არადა, „რეალი“ სულ სამი ქულით ჩამორჩა და მეტი გოლიც გაიტანა. 99 ქულა ფანტასტიკური შედეგი გახლდათ. ეს ბარსელონელთა მე-20 საჩემპიონო ტიტული იყო.
ბარსელონა 2010/11
პეპმა გუნდიდან გაუშვა ჩიგრინსკი, იაია ტურე, იბრაჰიმოვიჩი და ანრი. მათ ადგილას მასკერანო და დავიდ ვილია მივიდნენ გუნდში. იმავე ზაფხულს „რეალი“ ჟოზე მოურინიუმ ჩაიბარა, მისმა გუნდმა ისევ მეტი გაიტანა, მაგრამ „ბარსელონა“ გვარდიოლას ხელში ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი. იმავე წელს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
ბაიერნი 2013/14
2012 წელს ბარსელონადან წასულმა გვარდიოლამ ერთწლიანი პაუზა აიღო, რომლის გასვლის შემდეგაც საუკეთესო წინადადებით ბავარიელებმა მიმართეს, რომელიც ჰეთ-თრიქის (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა) ავტორმა იუპ ჰაინკესმა დატოვა. გვარდიოლამ „ბაიერნშიც“ პირველივე ცდიდან მოიგო ტიტული და უახლოესი მდევარი „დორტმუნდი“ 19 ქულით მოიტოვა უკან.
ბაიერნი 2014/15
გვარდიოლამ გუნდი ლევანდოვსკით და ალონსოთი გააძლიერა, მანჯუკიჩს, კროოსს და შაკირის კი შეელია. ის სეზონი კლოპის „დორტმუნდმა“ აშკარად ჩააგდო, „ბაიერნმა“ კი ტიტული „ვოლფსბურგთან“ 10-ქულიანი ჰანდიკაპით მოიპოვა. სხვათა შორის, იმ „ვოლფსბურგის“ ლიდერი კევინ დე ბრუინი იყო.
ბაიერნი 2015/16
ზაფხულში გუნდი ბასტიან შვაინშტაიგერს დაემშვიდობა. გვარდიოლამ კიმიხი, კომანი, ვიდალი და დუგლას კოშტა მიიწვია. სეზონი კვლავაც „დორტმუნდთან“ ჭიდილის ფონზე წარიმართა, თუმცა ფინიშზე ბავარიელთა უპირატესობა 10 ქულა იყო. სამ საზონში სამი საჩემპიონო ვერცხლის სინი დიდებულია, თუმცა გვარდიოლამ მიუნჰენი ჩემპიონთა ლიგის მოგების გარეშე დატოვა.
მანჩესტერ სიტი 2017/18
პირველ მანჩესტერულ სეზონში გვარდიოლას „სიტიმ“ ჩემპიონობა ანტონიო კონტეს „ჩელსის“ დაუთმო, თუმცა… მიმდინარე სეზონი „სიტიმ“ იმდენად მძლავრად ჩაატარა, პრემიერლიგის გამარჯვებულის ვინაობა იანვარშივე აღარ იწვევდა ეჭვს. მხოლოდ შედეგშიც არაა საქმე – „სიტის“ თამაში ფანებთან ერთად ექსპერტებსაც აღაფრთოვანებს, რეკორდებს კი ბოლო არ უჩანს. ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედ პეპ გვარდიოლას კი „მანჩესტერი“ – „ვესტ ბრომვიჩის“ მატჩისთვის, რომელსაც ჩემპიონის ვინაობა შეეძლო გაერკვია, საერთოდ არ უყურებია. ამ დროს გოლფს თამაშობდა. სხვისი წაგებით არა – საკუთარი მოგებით უნდოდა ჩემპიონობა.

ეგეთი კაცია – მოგებისთვის დაბადებული…

 

წილი
წინა სტატიაზემოდან ზიდანი
შემდეგი სტატიაკვირა ბრწყინვალე, ტური – უარესი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".