ყინულის ჰოკეი, საზოგადოდ, დიდებული თამაშია, ხოლო ბოლო წლების მანძილზე, რაც რომ მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში ჩვენი ეროვნული ნაკრების ასპარეზობას ვადევნებ თვალ-ყურს – და, არ დაგიმალავთ, ყოველ მომდევნო ჯერზე სულ უფრო მოუთმენლად ველი ამ კვირეულის დადგომას – ნელ-ნელა იმის განცდა მეუფლება, რომ ჰოკეი ჩვენი თამაშიცაა, ან, თუ გნებავთ, ჰოკეიც ჩვენი თამაშია!
საბედნიეროდ, საქართველოში არის ხალხი, ვინც ამ განცდით – და მეტიც, რწმენით – უკვე წლებია ცხოვრობს და ძალ-ღონეს არ იშურებს ჩვენში სპორტის ამ ვაჟკაცური და ლამაზი სახეობის განვითარებისა და მოღონიერებისათვის. მათ გვერდში დგომა და ქომაგობა სჭირდებათ!
III დივიზიონის მატჩებს წლეულს კეიპტაუნი (სამხრეთ აფრიკა) მასპინძლობს და ტურნირში ჩვენი ნაკრების გარდა შარშან II დივიზიონიდან ჩამოქვეითებული თურქეთი, ასევე ბულგარეთი, ჰონკონგი, სამხრეთ აფრიკა და ტაივანი მონაწილეობენ.
დღეს ჩვენმა ჰოკეისტებმა პირველი მატჩი გამართეს და თურქეთის ნაკრებს, რომელთანაც აქამდე ორჯერ გვიპაექრია და ორჯერვე დავმარცხებულვართ – 2015-ში 1:13, ხოლო 2016-ში 4:5 (მსაჯის მიერ გამოგონილი გოლის წყალობით!) – დამაჯერებლად – 6:2 სძლიეს.

ანგარიშში სხვაობა უფრო დიდიც უნდა ყოფილიყო, ორი აბსოლუტურად არალოგიკური შაიბა რომ არ გაგვეშვა და არაერთი ასპროცენტიანი მომენტი არ გაგვცუდებოდა. თურქთა 17 დარტყმის წილ ქართველებმა მეტოქის კარზე 57 იერიში მიიტანეს და აქედან, გატანილის გარდა, ერთი იმდენიც კიდევ გასატანი იყო.
მატჩის ბედი კი პირველსავე მესამედში გადაწყდა, როცა როლანდ სვანიძის შეგირდებმა მეტოქეს თავბრუდამხვევი ტემპი შესთავაზეს და ჩვენივე მეტობისას მცირედი უყურადღებობის გამო მე-3 წუთზე გაშვებული დასანანი გოლის შემდეგ მიჯრით ოთხი შაიბა შეუგდეს – მეტოქის კარი ალექსანდრე ვასილჩენკომ (მე-11 წუთზე), ოლივერ ობოლგოგიანმა (მე-11 წთ.), ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა (მე-15 წთ.) და ივან შვეცოვმა (მე-17 წთ.) დალაშქრეს. ამ ოცწუთეულში ქართველთა გააფთრებული შეტევების ცქერა ერთ რამედ ღირდა!
თამაშის შემტევი სტილისათვის ჩვენს ნაკრებს არც მომდევნო პერიოდებში უღალატია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ძლიერ ბულგარეთთან მძიმე მატჩი გველის, მწვრთნელმა – როგორც ამას საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის ფეისბუკგვერდი იტყობინება – ჰოკეისტებს ძალების დაზოგვა ურჩია. ამიტომაც მომდევნო მესამედებში ქართველები მხოლოდ თითო შაიბას დაჰყაბულდნენ: 27-ე წუთზე თავი ვასილჩენკომ გამოიჩინა, ხოლო მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე – მას შემდეგ, რაც 46-ე წუთზე თურქთა კიდევ ერთი კონტრშეტევა გაგვეპარა – ობოლგოგიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დღესვე ჰონკონგი ტაივანს ხვდება, ხოლო 22.00-ზე ერთმანეთს ბულგარეთი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან. იმედია, მასპინძლებთან რკენა სლავთათვის უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენი ნაკრები ხვალ მათზეც შეძლებს ორგზის – 2014-სა (1:19) და 2017-ში (3:9) – განცდილი მარცხისათვის რევანშის აღებას.
ჰოკეი აქაურობას!

წილი
წინა სტატიაგამოვიდა ივანე მრისხანე…
შემდეგი სტატიაშეხვედრა ფრანკფურტში
დიონისესთან ხელგადახვეული ლევან კელაურაძე თუ არ გინახავთ, დიდ მოვლენებს თქვენს გვერდით შეუმჩნევლად ჩაუვლია. შუმერებთან და კარდუხებთან გაბაასებული ლევანი ბნელი გარეუბნებიდან გამოსული ოთხოსნებისთვის ნამდვილი განმანათლებელი და უბრალოდ კარგი მეგობარია.