ანტონი მარსიალი სამი წელიწადია რაც „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მაგრამ გუნდში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. მისგან აშკარად მეტს ელოდნენ. მას მერე, რაც 2015 წელს „მონაკოდან” „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგდა, მარსიალი სათადარიგოთა სკამსა და ძირითად შემადგენლობას შორისაა. არცთუ იშვიათად მწვრთნელს ჯოკერის როლში ჰყავს.
ბოლო ხანს გავრცელებული ხმების თანახმად კი ფრანგი თავდამსხმელი „იუნაიტედიდან” აბარგებას აპირებს. მისი სურვილი, რასაკვირველია მყისვე მოედო მთელს ევროპას და მისი შეძენის მსურველი ტოპ-კლუბებიც გამოჩნდნენ: „იუვენტუსი”, „პარი სენ ჟერმენი” და „არსენალი”. ამბობენ, რომ ამ სამეულს „ბაიერნიც” შეუერთდება.
„მანჩესტერ იუნაიტედთან” მარსიალის კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 2015-ში ფრანგი 60 მილიონი ევრო ღირდა…
„ბაიერნი” ვახსენეთ და „შპორტ ბილდის” ცნობით „რეკორდმაისტერი” ჰოლანდიელი ცენტრალური მცველის, აიაქსელი მატის დე ლიხტის შეძენითაც არის დაინტერესებული. ამ ინფორმაციას ინგლისური „მირორიც” ადასტურებს. წერენ, რომ 18 წლის ფეხბურთელის საქმეში სანახავად კვირას, „პსვ ეინდჰოვენისა” და „აიაქსის” თამაშზე მიუნხენიდან ამსტერდამში სკაუტები იყვნენ ჩასული. იმავე შეხვედრას „არსენალისა” და „მანჩესტერ სიტის” მზვერავებიც დასწრებიან, თუმცა კარგს ვერაფერს ნახავდნენ — „ეინდჰოვენმა” ამსტერდამის გუნდს 3:0 მოუგო.
კატალონიური გაზეთი „სპორტი” კი წერს, რომ „ბარსელონა” კლემენტ ლენგლეტს დაუკავშირდა. ლენგლეტი ფრანგია, 22 წლის გახლავთ და „სევილიაში” თამაშობს. მისი ფასი 20 მილიონი ევროა.