„დინამოს“ კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ბევრს კი ეცადა, მაგრამ საბურთლოსთან ვერას გახდა ბადრი კეთილაძის ფოტო

აღდგომისშემდგომი ბრწყინვალე შვიდეულის კვირა ერთობ გოლმწირი აღმოჩნდა ეროვნულ ლიგაში. ხუთ მატჩში სულ 7 გოლი გავიდა, რაც უარესი მაჩვენებელია წლევანდელ სეზონში. ამ მხრივ „ლიდერად“ ისევ პირველი ტური რჩება, როცა მეტოქეებმა ერთმანეთს 22-ჯერ გაუტანეს.
მე-6 ტური პარასკევს დაიწყო და კვირას დამთავრდა. უპირატესობა სტუმრებისა იყო – მათ ხუთიდან 3 შეხვედრა მოიგეს და ერთი მატჩი ფრედ დაამთვრეს. მასპინძელთგან მხოლოდ რუსთაველებმა იმარჯვეს, თუმცა ისინიც ნომინალური მასპინძლები გახლდნენ, „კოლხეთთან“ თბილისის „მიხეილ მესხზე“ ითამაშეს. ვლადიმირ გაზაევის გუნდმა მიჯრით სამი წაგების შემდეგ, ზედიზედ მეორედ იმარჯვა. აქ გოლები მამუკა კობახიძემ და ზაზა ციცქიშვილმა გაიტანეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მსაჯმა ბაკურ ნინუამ მოედნიდან ფოთელი ზურაბ არზიანი დაითხოვა. ეს მეოთხე წითელი ბარათი გახლდათ წლევანდელ სეზონში.
ბადრი კვარაცხელიას სამტრედიული დებიუტი გორის „დილასთან“ უგოლოდ დასრულდა, რაც ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ იმერელთათვის აქტივში უნდა ჩაიწეროს. 53 წლის კვარაცხელიამ მწვრთნელის პოსტზე უჩა სოსიაშვილი ჩაანაცვლა. ეროვნულმა ლიგამ ამ სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი მოინელა. მანამდე, მეორე ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთიდან“ კონსტანტინ გალკინი გაათვისულფეს.
„ლოკომოტივმა“ წინა ტურში ლიდერ „საბურთალოსთან“ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, შინ „სიონს“ ვერაფერი მოუხერხა და 1:2 დამარცხდა. რკინიგზელთაგან ერთი გოლი საკუთარ კარში კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ გაიტანა. ეს მესამე ავტოგოლი გახლდათ სეზონში. სხვათა შორის, წინ ტურშიც ლოკომოტიველმა ჭანტურიამ, ოღონდ რომანმა „გამოიჩინა თავი“ ამ მხრივ, უფრო ადრე კი ბურთი საკუთარ კარში ვატო არველაძეს ჩაეჭარა.
დაძაბული გამოდგა იმერული დერბი, რომელშიც ჩემპიონმა „ტორპედომ“ 89-ე წუთზე გაუშვა ბურთი და ზემოიმერლებს სამი ქულა გაატანა. გოლის თეიმურაზ მარკოზაშვილმა მიითვალა.
ტურის მთავარი ამბავი „დინამო არენაზე“ მოხდა, სადაც ერთმანეთს თანაბარქულიანი ლიდერები „დინამო“ და „საბურთალო“ შეხვდნენ. დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით წააგეს და ამისდაკვალად, ჭიაბრიშვილის ბიჭები ერთპიროვნულად გალიდერდნენ. გოლი 63-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა. საინტერესოა, რომ მე-6 ტურის შემდეგ, „დინამოს“ წინა ჩემპიონატშიც ზუსტად ასეთივე შედეგი ჰქონდა 4 მოგება, 2 წაგება და მაშინაც მეორე ადგილზე იდგა. ლიდერი კი გიორგი დევდარიანის „ლოკომოტივი“ გახლდათ, რომლმაც საბოლოოდ მე-6 ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.

სამტრედიამ და ფოთის კოლხეთმა თბილისში ითამაშეს

VI ტური: სამტრედია 0-0 დილა, დინამო 0-1 საბურთალო, ტორპედო 0-1 ჩიხურა, ლოკომოტივი 1-2 სიონი, რუსთავი 2-0 კოლხეთი

საბურთალო            6 5 0 1 13:4 15
დინამო                  6 4 0 2 12:6 12
ჩიხურა                  6 3 2 1 11:5 11
დილა                    6 3 2 1 10:7 11
ტორპედო               6 3 0 3 8:6 9
რუსთავი                6 3 0 3 6:5 9
სიონი                    6 2 1 3 6:9 7
სამტრედია             6 1 1 4 3:8 4
ლოკომოტივი         6 1 1 4 6:14 4
კოლხეთი              6 1 1 4 4:15 4

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 5, ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე – დინამო) -4

VII ტური
20 აპრილი: კოლხეთი – ლოკომოტივი
21 აპრილი: სიონი – დინამო, დილა – რუსთავი
22 აპრილი: ჩიხურა – სამტრედია, საბურთალო – ტორპედო

წილი
წინა სტატიაგამარჯვებისთვის დაბადებული
შემდეგი სტატიაჯერ ბაიერნი, სიტი, პსჟ,…
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.