კვირას, „ლა როსალედაზე” ზინედინ ზიდანმა „რეალის” თავკაცის რანგში მეასე გამარჯვება იზეიმა. ამ შედეგით ფრანგმა მადრიდელთა ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, ხოლო თუ ყველა შეჯიბრებაში ჩატარებული თამაშებიდან პროცენტს ვიანგარიშებთ, სულაც საუკეთესო შედეგი გამოვა: 72% მოგებულია!

რაოდენობრივად, ყველაზე მეტი შეხვედრა ზიდანმა ლა ლიგაში მოიგო: 90-დან 66. 15 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 9-ში მეტოქემ იყოჩაღა.

ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 30 მატჩიდან ზიდანის „რეალმა” 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. ესპანეთის სამეფო თასზე შეხვედრათა 50%-ში გაიმარჯვა. ასპროცენტიანი შედეგია კლუბთა მსოფლიო თასზე, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასებზე.

მადრიდელთა ყოფილი მწვრთნელებიდან ზიდანის შედეგთან ყველაზე ახლოს ჟოზე მოურინიუა — პორტუგალიელმა თამაშების 71,9% მოიგო. მესამეზეა მიგელ მუნიოსი, მწვრთნელი, რომელიც „თეთრების” ისტორიაში ყველაზე დიდხანს ემსახურა კლუბს: 602 შეხვედრიდან 356-ში გაიმარჯვა. ეს პროცენტულად 59,1-ის ტოლია.

ლეგენდარული ვისენტე დელ ბოსკეს შედეგია 54,5%.

„რეალის” ისტორიაში იყო პერიოდი, რომელსაც „ბუტრეს ხუთეულის” ხანა შეარქვეს. ეს ემილიო ბუტრაგენიოს ბრწყინვალების დროა და მაშინდელი მწვრთნელის ლეო ბეენჰაკერის შედეგიც შესაბამისად მაღალია — 61,9%.

ზიდანის მეასე გამარჯვებამ „მალაგასთან” უწია 2:1. მადრიდელთაგან გოლები ისკომ და კაზემირომ გაიტანეს.

 

 

 

 

წილი
წინა სტატიაარა!
შემდეგი სტატიაგამარჯვებისთვის დაბადებული
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.