„ბაიერნმა” ბუნდესლიგის ნაადრევი ჩემპიონის რანგში პირველი თამაში „გლადბახთან” ჩაატარა და 5:1 მოიგო. მატჩის შემდეგ, ბავარიელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რაც გასაკვირი იშვიათობაა. საუბრის თემა ფრანკფურტის „აინტრახტის” სპორტული დირექტორის, ფრედი ბობიჩის მიერ წინა დღით წარმოთქმული ბრალდება გახლდათ. ბობიჩმა „ბაიერნის” შეფებს მისგან მწვრთნელის ნიკო კოვაჩის „მიტაცებაში” დასდო ბრალი.
„ძალიან გავბრაზდი, — თქვა ჰიონესმა, — ჩვენ პროფესიული ეთიკა არ დაგვირღვევია. ნიკო კოვაჩს „აინტრახტთან” კონტრაქტში ოფიციალურად ჰქონდა შეტანილი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას შეეძლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ტოპ-გუნდში გადასულიყო. ჩვენც სწორედ ამით ვისარგებლეთ. ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებებში მხოლოდ ჰასან სალიჰამიჯიჩი მონაწილეობდა.
რაც შეეხება ვადებს. კოვაჩთან შეთანხმების შესახებ ფრანკფურტელებს ოთხი კვირით ადრე შევატყობინეთ, ეს კი საკმარისი დროა იმისათვის, რომ კლუბმა ახალი მწვრთნელი მოძებნოს.
ბობიჩის მხრიდან უსამართლობაა იმის თქმაც, რომ ჩვენ ცნობა ნიკო კოვაჩისა და „ბაიერნის” შეთანხმების შესახებ ნაადრევად გავასაჯაროვეთ. გაზეთი „ბილდი” არ დაგვკავშირებია. თან, ეს ცნობა მას-მედიის სხვა საშუალებებითაც გავრცელდა”.
ჰიონესს ჰკითხეს რამდენად მართალი იყო ჭორი მათი და კოვაჩის პირველი შეხვედრის შესახებ. „ბაიერნის” პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენი ხორვატი მძღოლი 60 წლის გახდა და მის იუბილესთან დაკავშირებით რესტორანში შევიკრიბეთ. სუფრასთან 60 კაცი იყო. დამეთანხმებით, ეს აშკარად არ არის ის სიტუაცია, სადაც მხარეებმა შეიძლება კონტრაქტზე ილაპარაკონ”.
რუმენიგემაც დაადასტურა, რომ მთელი მოლაპარაკებების განმავლობაში „ბაიერნი” უკიდურესად პატიოსნად იქცეოდა.