„ლივერპული” „მანჩესტერ სიტისგან” სტივენ ჯერარდის ბიძაშვილ-მამიდაშვილის ბობი დანკანის გადაბირებას აპირებს. დანკანი 17 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს და თავისი ასაკის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლება. ის „სიტიში” აგერ უკვე ექვსი წელიწადია ვარჯიშობს.

ბობი დანკანის შესახებ ფართო საზოგადოებამ შარშან ზაფხულზე შეიტყო, როდესაც მან მოახერხა ის, რაც მანამდე არც ერთ ინგლისელს არ მოეხერებინა — ბრაზილიის ნაკრებს სამი გოლი გაუტანა. ცხადია, დანკანის შემთხვევაში ლაპარაკია 17 წლამდელებზე, მაგრამ ბრაზილიასთან შეხვედრაში ჰეთ-თრიკი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში არც ერთ დონეზე არავის ჰქონდა შესრულებული.

ამ მიღწევის მიუხედავად, ლივერპულის გარეუბან ჰიუტონში დაბადებულ ბიჭს „სიტისთან” მთელი სეზონის განმავლობაში საკონტრაქტო დავა ჰქონდა და რამდენიმე თვის მანძილზე ვერც „ქალაქელთა” აკადემიის შემადგენლობაში ხვდებოდა. გაბრაზებული დანკანი ახლა პირველი ლიგის „უიგანში” ვარჯიშობს და ელოდება როდის მოაგვარებს „ლივერპული” მის საქმეს; არადა ოდესღაც, ბავშვობაში „წითლებს” უარი უთხრა და „სიტიში” გაიქცა.

წეს-კანონთა გამო „ლივერპული” დანკანს ზაფხულამდე ვერ გადაიყვანს. ზაფხულში კი ამომავალი ვარსკვლავი 17 წლისა ხდება.

მერსისაიდელებს ჯერარდის ნათესავში 200 000 გირვანქის გადახდა მოუწევთ.