მართალია, პეპ გვარდიოლას და მის „მანჩესტერ სიტის” ინგლისის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აკლიათ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას გამოეთხოვნენ — „ქალაქელები” მეოთხედფინალში „ლივერპულთან” ორი მატჩის ჯამში დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდნენ. ამის გამო „სქაის” მესვეტემ, წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა, რომელიც 1999-2006 წლებში „ლივერპულში”, ხლო 2006-2009 წლებში „მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა, კატალონიელს მევალე უწოდა — იმდენი აქეს, რომ მეხოტბეთა წინაშე ვალი აქვსო.

თავის ბლოგში „Hamann’s Top 3″ მან დაწერა: „რასაკვირველია, პეპი საოცარი მწვრთნელია. ჩვენ ყველანი გვარდიოლას მითზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში აგერ უკვე 7 წელიწადია არ ჰყოლია. არადა, სოფლის გუნდებს კი არ აბარებენ, არამედ ისეთ დიდ კლუბებს, როგორებიცაა „მანჩესტერ სიტი”, „ბაიერნი” და „ბარსელონა”. ის, რომ ამ გუნდებით პეპი ეროვნულ ჩემპიონატებში იმარჯვებს, რასაკვირველია დიდებულია და მწვრთნელი პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ….”

ჰამანს მიაჩნია, რომ პეპ გვარდიოლა ჯერ არ არის ღირსი საუკეთესო მწვრთნელების მარაქაში დავასახელოთ. ის წერს:

„მოურინიუს ფანი აშკარად არა ვარ, მაგრამ მან ჩემპიონთა ლიგა ორ გუნდს, „პორტუს” და „ინტერს” მოაგებინა. კარლო ანჩელოტიმ და იუპ ჰაინკესმაც ორ-ორი გუნდი მიიყვანეს ტრიუმფამდე, ასე რომ თუკი პეპს სურს, რომ უძლიერესთა შორის მოიხსენიონ, „ბარსელონას” გარდა კიდევ რომელიმე გუნდს უნდა გაამარჯვებინოს ჩემპიონთა ლიგაში”.

შეგახსენებთ: გვარდიოლას ორჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, 2009 და 2011 წლებში, ორივეჯერ „ბარსელონას” მწვრთნელის რანგში. ჰამანის მიერ ზემოთ ნახსენებ ანჩელოტის კი, მაგალითად „მილანი” ხომ ორჯერ ჰყავს აყვანილი ევროპული საკლუბო ფეხბურთის მწვერვალზე და ამას გარდა 2014 წელს „რეალსაც” მოაგებინა ეს უდიდესი ჯილდო.

საინტერესოა, რომ გვარდიოლას კრიტიკის პარალელურად დიტმარ ჰამანმა ქების სიტყვები არ დაიშურა კაცისთვის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ჯერჯერობით ერთხელაც არ მოუგია — იურგენ კლოპზე მოგახსენებთ.

„იურგენ კლოპმა „ლივერპულის” წინსვლაში უდიდესი როლი შეიტანა. ის ინგლისურ გუნდს თავის ხელწერას ამჩნევს”, — თქვა ჰამანმა.