არის ასეთი ამერიკული სერიალი – „ჩრდილოეთი და სამხრეთი“, იქ პატრიკ სვეიზი თამაშობს და აღწერილია ამერიკის სამოქალაქო ომი.

ფეხბურთიც ხომ რაღაცნაირად ომია. მე პირადად ძალიან მინდა, რომ თამაში იყოს, მაგრამ უფრო ხშირად ომი უფრო გამოდის, ვიდრე ბურთის სპორტულ-ჯენლტმენური გორება.

არის ქვეყნები, სადაც ფეხბურთი უფრო თამაშია, მას თამაშად თვლიან და არის ქვეყნები, სადაც ფეხბურთი ომია და მორჩა.

ასევე, არის მომენტები, როდესაც თამაშს მთლად ომად გადააქცევენ ხოლმე. აბა რა თამაში იყო „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“? ეს იყო ნამდვილი ომი. აი, „ბავარია“-„ბარსა“ კი თამაში გახლდათ.

თამაში გახლდათ ინგლისის თასის ფინალიც. იყო სპორტული ბრძოლა და არა ომი.

ამას რატომ ვამბობ?

ახლავე აგისხნით.

აგერ ერთი კვირაა დავდივარ ამ ჩვენს უცბად გამთბარ ქალაქში და ქომაგ-გულშემატკივართა ლაპარაკს ვუგდებ ყურს. რადიოშიც კი ამაზეა საუბარი, რომ მოახლოვდა წლის საკლუბო ფეხბურთის უმთავრესი დღე – ჩემპიონთა თასის ფინალი.

ჰოდა, დავდივარ და ვისმენ.

თბილისი, როგორც წესია, ბანაკებად არის დაყოფილი. ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ე.წ. „იტალიაშკები“ და ე.წ. „გალანდისტები“. თუმცა, ეს მარტივი დაყოფა, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ისე მარტივი. ამათ საფინალოდ მხარში ამოუდგნენ სხვა ქვეყანათა ფეხბურთის ტრფიალნიც.

ერთნი „აიქასს“ ქაჩავენ, სხვანი „იუვეს“.

როგორც მოგეხსენებათ, გულშემატკივრთა კამათი უწყინარი პროგნოზით იწყება და საძულველი გუნდის გინებით გრძელდება.

„აიაქსელები“ „იუვეს“ რავანელის ძველბიჭურ ჯღანვას უწუნებენ, კოჭიმტვრევია მცველებს ულანძღავენ და მათ ლეგიონერებს უფერულ თამაშში ამხელენ. მოკლედ ამას „წადით, თქვე მაკარონნიკებო, ჰქვია“.

„იუველები“ „აიაქსს“ უხსენებენ ზამთრის ჩავარდნას და ულანძღავენ ფეხბურთელთა კანის ფერს და ნაწნავებს. აიაქსელებს საშუალოთა აწყობილ გუნდს ეძახიან და ამბობენ, „აიაქსის“ ვარსკვლავი მხოლოდ „აიაქსშია“ ვარსკვლავიო.

აქ სიმართლე ძნელი გასარკვევია. ერთი მხრივ, ფეხბურთელს სიზანგის გამო იწუნებენ, მეორე მხრივ ჭაღარა თმისა.

ისე, კაცმა არ იცის, რატომაა მუსამპას ნაწნავები ვიალის ცალ ქილვაშზე უფრო გამაღიზიანებელი და საერთოდ არის კი ეს მთავარი „ბალეშჩიკობის“ დროს?

რა თქმა უნდა – არა. მაგრამ აქ საქმე სხვაშია. ეს მხოლოდ ქომაგთა პაექრობა როდია. ეს მთელი ომია, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის რომ მიმდინარეობს და თბილისელი გულშემატკივრებიც რომ ჩაბმულან.საკმათო და სადავო აქ ისევ და ისევ ერთია – ომია თუ თამაში?

„აიაქსი“ თამაშის გუნდია. „იუვესაც“ უყვარს თამაში, მაგრამ ის ომის ფეხბურთის ქვეყნიდან არის. ამიტომ თუ გლაზგოსთანა ბედოვლათი არ დაესხა და თამაშ-თამაშით ან კლასით ვერ აჯობა, ის უეჭველად ომზე გადავა.

„აიაქსი“ კი ან ვერ ითამაშებს, ან ითამაშებს. თამაში ურჩევნია და ომი არ უყვარს. ვნახოთ – ფინალი ახლოვდება, ომისა და თამაშის დიდი შეხვედრა, რომელიც რაღაცით შარშანდელსაც კი ჩამოჰგავს.

ქუჩაში გაგონილი ბოლო შეფასებები კი ასეთია: „მაკარონნიკები“ მაშინ მოიგებენ „აიაქსთან“, როცა საქართველოში კოსმოდრომი აშენდება.

და „ტუზემცი“ სურინამელები მაშინ წააქცევენ იუვეს, როცა დავიდსი ძმებს გამოიყვანს ჯუნგლიდან და მათ შარვლის ჩაცმას ასწავლის.

ვნახოთ. ისე, მე თამაში მირჩევნია.

17.05.1996

წილი
წინა სტატიაპირლო: პენალტი? ალბათ, იყო.
შემდეგი სტატიამაინძელო! – იუნაიტედი სიტის შეშვებას სთხოვს
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.