მანჩესტერულ დერბიში „იუნაიტედმა” „სიტის” 0:2 შემოუტრიალა, 3:2 მოუგო. ადრე, დეკემბრის დერბიში კი „სიტიმ” იძალა — 2:1. ამრიგად, შურისძიება შედგა, მაგრამ… არა მხოლოდ მოედანზე.
გახსოვთ, რა ამბავი მოჰყვა „ოლდ ტრეფორდზე” „ქალაქელების” გამარჯვებას? „სიტის” ფეხბურთელებმა გასახდელში მუსიკა ჩართეს ხმამაღლა, რაზეც ჟოზე მოურინიუ გადაირია და მეტოქეს გასახდელში შეუვარდა, პატივისცემას ვითხოვო. ერთი ამბავი ატყდა მაშინ, „განსაკუთრებულს” თავში ბოთლებიც კი მოხვდა.
სხვათა შორის, იმ შეხვედრის მსაჯი მაიკლ ოლივერი იყო, რომელმაც ოთხშაბათს „რეალისა” და „იუვენტუსის” მატჩი 93-ე წუთზე ტურინელების კარში დანიშნული პენალტით დაასრულა. მაშინ მოურინიუ არბიტრზეც იყო გაბრაზებული — ანდრეს ერერა საჯარიმოში სიმულაციისთვის კი არ უნდა გაეფრთხილებინა, პირიქით, „სიტის” კარში პენალტი უნდა დაენიშნაო.
ეს იყო დეკემბერში, გასულ შაბათს კი „იუნაიტედის” ჯერი დადგა ხმამაღლა ჩაერთო მუსიკა. გასახდელში ისეთი ღრიალი იდგა, თქვენი მოწონებული. ვერ გეტყვით მწვრთნელისგან იყვნენ დაქოქილები თუ რა იყო, „იუნაიტედის” ფეხბურთელებმა გასახდელში შესვლამდე, მოედანზეც არ დააკლეს ბღავილი. ყველა ღონეს ხმარობდნენ „სიტის” მოთამაშეები რომ გაებრაზებინათ.
შეგახსენებთ კონტექსტს: „სიტის” რომ მოეგო ჩემპიონი ხდებოდა.
„რესტორანი გქონდათ შეკვეთილი, არა? ჩვენ დავიკავეთ თქვენი fucking მაგიდები!” — დაუყვირია ერთ-ერთ „წითელ ეშმაკს”, როდესაც მათმა გუნდმა ორბურთიანი ჩამორჩენა შემოატრიალა.
ამბობენ, ყველაზე აღგზნებული ჯესი ლინგარდი იყოო. ის ადგილობრივია და იქაური შუღლის ამბები სხვებზე უკეთ იცის. ლინგარდი რვა წლიდან „მანჩესტერ იუნაიტედში” ვარჯიშობს. ადგილი, სადაც შემტევი ნახევარმცველი დაიბადა მანჩესტერიდან 20 კილომეტრშია, თუმცა… ზუსტად ასეთ მანძილზეა ლივერპულიდანაც.
ხსენებული დერბის გმირი კი პოლ პოგბა გახლდათ. ფრანგმა „სიტის” კარში ორი გოლი შეაგდო. მის შესახებ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, კრისტოფ დიუგარიმ ასე ილაპარაკა:
„ის ჩვეულებრივი ფეხბურთელი არ არის, სხვა სამყაროდანაა ჩამოსული, მაგრამ ძალიან მაღიზიანებს, რადგან ასჯერ მეტი შეუძლია. გენიოსია, ოღონდ ამას თვითონ თუ ვერ მიხვდება, ისე არაფერი გამოვა. როგორც კი მარკეტინგული ფეხბურთელი გახდა, „იუვენტუსში” რომ ჰქონდა ის სიმწვავე და ბრაზი დაკარგა.