„სტოკის” კარში გატანილი გოლი, რომელიც აქამდე კრისტიან ერიკსენს ეთვლებოდა, დანიელს ჩამოართვეს და ჰარი კეინს მიაწერეს. ამან, პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის დიდი ქირქილი და ინტერნეტ ლაღობა გამოიწვია.

ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ კეინმა გაასაჩივრა, ბურთი კარში შევარდნამდე მხარზე შემეხოო. ამრიგად, ბომბარდირთა შეჯიბრებაში ლონდონელმა ერთი გოლი მიიმატა და ლივერპულელ მო სალაჰს ახლა ოთხითღა ჩამორჩება. სალაჰს 29 აქვს გატანილი.

როდესაც სალაჰმა პრემიერლიგის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, „ტვიტერზე” ასე დაწერა: „ვუუუუუუუუ, მართლა?”

სალაჰს ვეტერანი ალან შირერიც აჰყვა: „საინტერესოა, რომ გავასაჩივრო იმ 9 გოლს თუ დამიმატებენ კარიერაში რომ შემიგდია, მაგრამ არ ჩაუთვლიათ?”

ჯეიმი ვარდი მოხითხითე „ემოჯებით” შემოიფარგლა.

ხმა აიმაღლა გარი ლინეკერმაც: „მგონი ინგლისის ნაკრების სულ მცირე რვა გოლზე მაინც შემიძლია განვაცხადო პრეტენზია. მაგალითად, პლატმა ბელგიას რომ გაუტანა ათ მეტრში ვიდექი… იქნებ კიდევ შემიძლია საუკეთესო ბომბარდირის წოდება დავიბრუნო?”

ასე განსაჯეთ, ეროვნული ლიგის კლუბმა „გეიტსჰედმაც” (პრემიერლიგის ქვევით მეხუთე დივიზიონშია) კი იღლაბუცა: „ალბათ, გუშინ „ტრანმერი როვერსის” კარში გატანილი ჩვენი მეორე გოლი ჰარი კეინს ჩაეთვლება”.

მავანმა გულშემატკივარმა კი დაპოსტა: „ფიფამ გადაწყვიტა მარადონას “ღმერთის ხელიც” ჰარი კეინს ჩაუთვალოს, რადგან კეინს უთქვამს იქ ვიყავი და შემეხოო”.

არადა, „სტოკთან” თამაშის შემდეგ კეინმა თქვა: „შვილის სიცოცხლეს ვფიცავ, ბურთი შემეხო, მაგრამ რას ვიზამ. თუ დამიჯერებენ და გოლს მე ჩამითვლიან, კარგი იქნება, თუ არა და რაც არის, არის”.