33 წლის მაიკლ ოლივერის სახელი წუხანდელი მადრიდული დავიდარაბის შემდეგ უკვე ფეხბურთის ყველა ქომაგმა იცის. ბრიტანელმა არბიტრმა „რეალი“ – „იუვენტუსის“ საპასუხო მეოთხედფინალის დამატებულ წუთებზე ტურინელთა კარში პენალტი დანიშნა და ამით, მინიმუმ ნახევარი ევროპა  გადაიკიდა.

ერთი კვირის წინათ, პირველ რაუნდში საშინაო 0:3-ის შემდეგ მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა  შეუძლებელი შეძლეს, სამბურთიანი დეფიციტი გაანულეს და ის იყო, დამატებითი დრო უნდა დანიშნულიყო, რომ ოლივერმა საბედისწერო პენალტი დანიშნა და „ბებერი ქალბატონი“ ნახევარფინალს მიღმა დატოვა.

ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი არბიტრის ინდივიდუალურ ხედვაზეა დამოკიდებული. ეპიზოდი ისეთი იყო, ოლივერს შეეძლო დაენიშნა, შეეძლო არ დაენიშნა თერთმეტმეტრიანი.

ამიტომ მისი მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი უფრო მორალურია, ვიდრე სამართლებრივი. „იუვემ“ ამდენი იწვალა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მინიმუმ დამატებით დროს იმსახურებდაო. ამიტომ იყო მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა ჯიჯი ბუფონმა რომ თქვა, ამ კაცს გულის მაგიერ ნაგვის ურნა ჰქონიაო.

თუმცა ინგლისელი მსაჯთა ექსპერტი გრემ პოლი პირიქით, აქებს თანამემამულეს და გადაწყვეტილებას უწონებს: „მაიკლი ძალიან რთულ ვითრებაში ჩავარდა, მაგრამ სიმშვიდე არ დაუკარგავს. ბევრი ვერ მიიღებდა ამგვარ გაბედულ გადაწყვეტილებას ასეთი დონის მატჩის ბოლო წამებზე. არც იტალიელი ფეხბურთელების აგრესიას შეუშინდა და ბუფონიც სამართლინად გააძევა. ამით მან დაამტკიცა, რომ შეუვალი პროფესიონალი და ძლიერი ხასიათის მსაჯია. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ოლივერი ზაფხულში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იმსაჯებს.“- განაცხადა პოლმა.

ოლივერი მართლაც მოიაზრებოდა რუსულ მუნდიალიზე წამსვლელ კანდიდატებს შორის, მაგრამ ახლახან ფიფამ  36 მსაჯისა და 63 თანამსაჯის სია ოფიციალურად გამოაქვეყნა, რომელთა შორის არც ერთი ბრიტანელი არ არის. ეს პირველი შემთხვევაა 80 წლის განმავლობაში, ანუ 1938 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როცა ტურნირის ფინლურ ეტაპს არცერთი ინგლისელი არბიტრი ან ასისტენტი არ მოემსახურება.

ევროპიდან რუსულ მუნდიალზე  ათი ქვეყნის მსაჯთა ბრიგადები გაემგზავრებიან. ასევე სკანდალური მარკ კლატენბურგი ერთადერთი კანდიდატი გახლდათ ბრიტანელთაგან, რომელიც ფიფამ 2016 წელს მსაჯთა გაფართოებულ სიაში შეიყვანა, თუმცა მან მალევე პრემიერლიგა დატოვა, სამუშაოდ საუდის არაბეთში გადაბარგდა და ადგილიც ავტომატურად დაკარგა.

ინგლისის ფეხბუთის ასოციაცია კლატენბურგის შეცვლას აპირებდა, მათ შორის მაიკლ ოლივერითაც, მაგრამ ფიფამ ამაზე უარი უთხრა.

ბრიტანულ მედიაში ამ უცნაურ მოვლენას ძირითადად ბრიტანეთ-რუსეთს შორის ბოლო დროს გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებენ.

მას შემდეგ, რაც სოლსბერიში რუსეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი  ქლიშვილი მოწამლეს ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ კი განაცხდა, რუსულ მუნდიალს ინგლისის არცერთი მაღალი რანგის პირი, ან სამეფო ოჯახის წევრი არ დაესწრება, თუმცა ეროვნული გუნდი რუსეთში იასპარეზებსო.

არადა, აქამდე არც ერთ ქვეყანას ჰყოლია ინგლისელებზე მეტი მსაჯი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ მატჩებში.

ჯორჯ რიდერი იყო მთავარი არბიტრი როცა 1950 წელს ურუგვაიმ „მარაკანაზე“ ბრაზილია 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობა ცხვირწინ ააცალა.

1954-ში უილიამ ლინგი მსაჯობდა ფინალში გერმანელების უნგრელებთან სენსაციურ გამარჯვებას – 3:2.

1974-ში ჯეკ ტეილორი სჯიდა გფრ-ჰოლანდიის ფინალს.

2010 წელს კი ჰოვარდ უები მსაჯობდა ესპანეთი-ჰოლანდიის გადამწყვეტ შეხვედრას, რომელიც პირინეელებმა დამატებით დროში ანდრეს ინიესტას გოლით მოიგეს.

რუსეთში კი… არადა „რეალი“ – „იუვენტუსის“ მატჩით დავიწყეთ…

 

წილი
წინა სტატიაცოლი და ტაკონი
შემდეგი სტატიაგასახდელში მუსიკა ღრიალებდა
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.