ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი ჩემპიონთა ლიგის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტის ცენტრში აღმოჩნდა. მან „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრის ბოლოწამს „რეალის” სასარგებლოდ დანიშნა პენალტი, რომლის წყალობითაც მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ. ოლივერმა წესების დარღვევად ჩათვალა მედი ბენატიას აქტიურობა ლუკას ვასკესის წინააღმდეგ, შემდეგ კი მისი გადაწყვეტილების ემოციურად გაპროტესტების გამო მოედნიდან ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა; უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ვეტერანსა და დიდ ვარსკვლავს წითელი ბარათი აკადრა.

როგორც „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” თამაშის შემდეგ, ჩვენ ამ შეხვედრის დასრულების მერეც „დეილი მეილში” ფიფას ყოფილი მსაჯისა და ექსპერტის გრემ პოლის კომენტარს დაველოდეთ, ვინაიდან არბიტრის გადაწყვეტილების შეფასება ამჯერად უფრო საშური გახლდათ. „რეალისა” და „იუვეს” წყვილიდან გამსვლელ-დამრჩენის ბედი არბიტრმა სადმე თამაშის მსვლელობისას გადადგმული საეჭვო ნაბიჯით კი არა, წამატებულ დროში დანიშნული პენალტით გადწყვიტა — მან თამაში დაამთავრა! წერტილი დასვა!

გთავაზობთ გრემ პოლის ანალიზს:  „მაიკლ ოლივერი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მსაჯია, რომელიც ელიტური ჯგუფში იანვარში მიიღეს და რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” მკაცრი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომ სამართლიანად ითვლება მაღალი დონის არბიტრად.

მას ეყო ვაჟკაცობა დაპირისპირებაში, სადაც ორი მატჩის ჯამში ანგარიში თანაბარი იყო და საქმე დამატებითი დროისკენ მიდიოდა, დაენიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. მეტიც, ის ამაზე არ გაჩერდა. როდესაც მას თილისმად ქცეული კაპიტნის წინამძღოლობით რვა თუ ცხრა განრისხებული ტურინელი შეურაცხმყოფელად შემოეტყა, 33 წლის მსაჯმა ბუფონი აგრესიული პროტესტის გამო მოედნიდან გააძევა და ეს სწორი საქციელი იყო.

ერთხელ, როდესაც ვთქვი, რომ არბიტრებს დიდი გადაწყვეტილებების მისაღებად ვაჟკაცობა სჭირდებათ, არსენ ვენგერი შემედავა. იმედია, მან გუშინდელი ეპიზოდი ნახა და მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი მაშინ.

რა სამწუხაროა, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას არ შეუძლია ოლივერი ახლავე დააწინაუროს, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები იმსაჯოს”.

ჯანლუიჯი ბუფონმა ეპიზოდი, რასაკვირველია სხვანაირად აღიქვა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა:

„ეს იყო პენალტის მეათედი. ვიცი, რაც დაინახა მსაჯმა. ეს ნამდვილად იყო საეჭვო მომენტი, მაგრამ 93-ე წუთზე საეჭვო სიტუაციის გამო — მითუფრო, რომ პირველ შეხვედრაში ხუან კუარდადოს წაქცევისთვის ჩვენს სასარგებლოდ ნამდვილი პენალტი არ დანიშნეს — თერთმეტმეტრიანის დადება არ შეიძლება. ჩვენმა გუნდმა თამაშში გული ჩადო და არავის აქვს უფლება საკამათო სიტუაციის გამო, ასეთი საოცარი „ქამბექის” დროს ხალხს ოცნება დაუნგრიოს.

ამის გამკეთებელს მკერდში გული კი არა, აშკარად ნაგვის ვედრო აქვს. მეტსაც გეტყვით, თუ არ ხარ იმდენად ძლიერად პიროვნება, რომ ასეთ სტადიონზე და ასეთ მოედანზე იმოქმედო, ადი ტრიბუნაზე, მოისვი გვერდით ცოლ-შვილი, დალიე „სპრაიტი” და ჭამე ჩიპსები. გუნდებს კი ოცნებებს ნუ უნგრევ. ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, ბოლო ორი რომ იყო, მხოლოდ მკვლელს შეუძლია”.

შემდეგ ბუფონმა „რეალს” გამარჯვება მოულოცა, წარმატება უსურვა, თქვა, რომ მადრიდელებმა ორი მატჩის შედეგად ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურეს, მაგრამ დასძინა, ჩვენ დამატებით დროში თამაში მაინც გვეკუთვნოდაო.

სამართლიანად დაინიშნა თუ არა პენალტი, ჟურნალისტებმა თვით ლუკას ვასკესსაც ჰკითხეს.

„დიახ, ეს იყო პენალტი, — თქვა ფეხბურთელმა, — როდესაც ბურთის დასარტყმელად მოვიმართე ბენატია უკნიდან მომვარდა და წამაქცია. ამაზე კამათიც არ შეიძლება. და ისიც სრულიად გასაგებია, რომ „იუვენტუსის” ფეხბურთელებმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ეს ხომ თამაშის ბოლო წუთზე მოხდა”.

 

წილი
წინა სტატიაოლივერ შარიანი
შემდეგი სტატიაჰარი კეინს დასცინიან
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...