ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი, 2001 წლის „ოქროს ბურთის” მფლობელი, BT sport-ის ექსპერტი მაიკლ ოუენი ამბობს, რომ როდესაც „ბარსელონა” თავს იცავს, ლეო მესი და ლუის სუარესი მაყურებლების როლში არიან. ოუენის აზრით, კატალონიური გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნა დიდწილად ამ ორი სამხრეთაემრიკელის ბრალია. შეგახსენებთ, რომ „ბარსას” „რომასთვის” შინ 4:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში 0:3 წააგო.

„ბლაუგრანამ” ჩემპიონთა ლიგის წინა 9 თამაშში სულ 3 გოლი გაუშვა, ზუსტად იმდენი, რამდენიც „რომასთან” ერთ შეხვედრაში, რაც ოუენის გარდა ყველასთვის მოულოდნელობა გამოდგა. ვეტერანმა კი თქვა:

„როდესაც სტატისტიკას ჩასცქერი და ასეთ შედეგს ხედავ, რასაკვირველია, ის, რაც მოხდა დაუჯერებლად გევენება, მაგრამ როდესაც მოედანს უყურებ საკუთარ თვალებს როგორ მოატყუებ? ჩვენ ვნახეთ პირველი თამაში, თვეობით ვუყურებთ „ბარსელონას” სხვა შეხვედრებს და ვხედავთ, რომ მართალია ეს გუნდი ბევრ გოლს არ უშვებს, მაგრამ მისი ორი თავდამსხმელი დაცვის დასახმარებლად საერთოდ არაფერს აკეთებს. მეკარეს თუ არ ჩავთვლით „ბარსელონა” ფაქტობრივად რვა ფეხბურთელით იცავს თავს, ასეთი რამ კი, ჩემი აზრით, უმაღლეს დონეზე ვერ იმუშავებს. თქვენ შეგიძლიათ შემომედავოთ, რომ „რომა” უმაღლესი დონის გუნდი არ არის და მასთან ასე თამაში შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ „ბარსა” გავარდა”.

მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში მესიმ 46 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა, ხოლო სუარესმა 43 შეხვედრაში 23-ჯერ გამოიჩინა თავი.