როდესაც საქმე საკამათო მსაჯობას ეხება, „დეილი მეილი” კომენტარისთვის გადამდგარ ინგლისელ რეფერის, გრემ პოლს მიმართავს ხოლმე. გავლენიანი გამოცემა ასევე მოიქცა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც „ლივერპულმა” 2:1 მოიგო. გრემ პოლის კომენტარი ამჯერად ერთი მატჩის შეფასებას გასცდა. მან დაწერა:

„მანჩესტერ სიტი” ზედიზედ სამ შეხვედრაში გახდა მსაჯის შეცდომის მსხვერპლი, რამაც ამ გუნდის სეზონს მძიმე კვალი დააჩნია. სამშაბათს, „ეტიჰედზე” ეს გახლდათ ესპანელი მსაჯის ანტონიო მატეუ ლაოსისა და მისი ასისტენტის პაუ დევისის ერთობლივი შეცდომა, რომელმაც შეხვედრას დიდი დაღი დაასვა. „სიტი” 1:0-ს იგებდა, როდესაც პირველი ტაიმის მიწურულს ლეროი სანემ მეორეც შეაგდო, მაგრამ თანამსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა. არადა, სანემ ბურთი თანაგუნდელისგან კი არა, ლივერპულელი ჯეიმს მილნერისგან მიიღო. დევისის კიდევ შემიძლია გავიგო — მას შეიძლება მოეჩვენა, რომ ბურთი სანესკენ გაბრიელ ჟესუსმა გადააგდო, მაგრამ მატეუ ლაოსის პოზიციიდან ყველაფერი კარგად უნდა გამოჩენილიყო და გოლი რასაკვირველია უნდა ჩათვლილიყო.
არადა, ლაოსმა მატჩი თავიდან კარგად წარმართა. „სიტის” პირველი გოლის ეპიზოდში ის მართალი იყო, როდესაც ლივერპულელი მცველის ვირგილ ვან დეიკის ჩივილს ყურადღება არ მიაქცია და თამაში არ შეაჩერა; ის ასევე მართალი იყო იმ სამ შემთხვევაში, როდესაც მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ. ერთიც არ იყო დასანიშნი.
ლაოსი სწორად მოიქცა მაშინაც, როდესაც საიდო მანეს ფეხი გაუსრიალდა და ნიკოლას ოტამენდის შეეჯახა. ამ შეჯახებას „სიტის” მეკარის ედერსონის აგრესია მოჰყვა მანეს წინააღმდეგ. აქ, მსაჯმა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათები ჩამოურიგა და მდგომარეობა განმუხტა, მაგრამ იყო სხვა ეპიზოდებიც, როდესაც არბიტრმა მოთამაშეები გააფრთხილა და ვფიქრობ ზედმეტი სიმკაცრე გამოამჟღავნა.
ლაოსი მართალი იყო მაშინაც, როდესაც პეპ გვარდიოლას ტრიბუნისკენ მიუთითა. გვარდიოლამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მწვრთნელი სხვათათვის მაგალითია და ვალდებულია თავი ხელში აიყვანოს. მეორე მხრივ, არჩათვლილი გოლის შემდეგ მისი გაგებაც შეიძლება. მითუფრო, რომ „სიტი” მისი ტრიბუნაზე ასვლის შემდეგ ის აღარ იყო.