ჩხუბის გარეშე მაინც არ გამოვიდა — „სიტის” ფანებმა „ლივერპულის” გულშემატკივარი გალახეს. როგორც ჩანს მერსისაიდელს არ გაუმართლა, „სიტის” ოჯახურ ლოჟაში იჯდა და იმდენიც ვერ მოახერხა, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემდეგ „მტრის გარემოცვაში” ზეიმისგან თავი შეეკავებინა. ჰოდა, შედგნენ. როგორც ამბობენ და ჩანაწერებიდანაც ჩანს, ორი განსაკუთრებით მონდომებული ურტყამდა.
ნაცემმა ლივერპულელმა ინტერნეტში რვაწამიანი ჩანაწერი დაპოსტა. სად იშოვა, ვერ გეტყვით. ვიღაც-ვიღაცები პოლიციელებმაც დააკავეს.
პოსტს ცხადია კომენტარები მოჰყვა. ერთ-ერთი, „იუზერი” მაგალითად, ასე მსჯელობდა: „აბა, რას ელოდა? ვიცი, ადამიანის ცემა სწორი საქციელი არ არის, მაგრამ ერთი კვირის წინანდელი ავტობუსის რბევის შემდეგ მოსალოდნელი იყო”.
„ასეთი რაღაცები ყოველთვის მოხდება. ყველამ, ვინც მასპინძლების სექტორში მათ გაღიზიანებას შეეცდება, უნდა იცოდეს, რომ ცემენ” — დაწერა მეორემ.
შეხვედრა დაძაბული გახლდათ, მცირე შეჯახებები ფეხბურთელებს შორისაც მოხდა.
„ლივერპულმა” „მანჩესტერ სიტის” 2:1 მოუგო და ორი მატჩის ჯამში (5:1) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.