ეს ამბავი ცოტა შემაძრწუნებელიც კია. ვიღაცა იტყვის დადგმულიაო. როგორც გენებოთ. ჩვენი საქმე მხოლოდ მოყოლაა:
ჯეფ ტუსანი ცნობილი ჰიპნოზიორი გახლავთ, რომელმაც ჟოან გასპარის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე „ბარსელონას” სამ გულშემატკივარს საოცარი ოინი (იხილეთ ვიდეო) ჩაუტარა. მოკლედ რომ მოვყვეთ ასე იყო: ჰიპნოზიორმა ეს გულშემატკივრები დააძინა და რომ გააღვიძა მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები ანდრს ინიესტა, პაულინიუ, ფილიპე კოუტინიუ, ივან რაკიტიჩი და მარკ ანდრე ტერ შტეგენი ვერ იცნეს — შუა ხნის უცხო კაცს, ოთახში საგანგებოდ შემოყვანილ ვინმე იგნასიოს მიცვივდნენ ხელის ჩამოსართმევად და აღტაცების გამოსახატავად, არადა მათი კერპები იქვე, იგნასიოს გვერდით იდგნენ.
რატომ მოიქცნენ ექსპერიმენტის ქვეშ მყოფი ქომაგები ასე? იმიტომ, რომ ტუსანმა ჩააგონა.
შემდეგ ჰიპნოზიორმა ახალგაზრდები ისევ მიაძინა და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნა. ფანებმა ვარსკვლავები ჩვეულებრივ იცნეს.
დანარჩენი თავად განსაჯეთ